ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, კაფეს აღარ ვხსნი – როგორია „სამყურას“ გეგმები?

ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, კაფეს აღარ ვხსნი, – ამის შესახებ ბიომეურნეობის „სამყურა“ დამფუძნებელმა, ნიკა ბაგალიშვილმა ისაუბრა.
მისი ცნობით, ბიომეურნეობას “სამყურა” კაფეს მოსაწყობად 60 000 ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა, თუმცა კომპანიამ ქვეყანაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, გეგმები შეცვალა და დამატებით სათბურების მოწყობა გადაწყვიტა. ამასთან, ასორტიმენტში ახალი პროდუქტები დაამატა, კერძოდ ბატატის ტკბილი კარტოფილი და ბაზილიკი.
“ბიო პროდუქტებზე მოთხოვნის მზარდი ტენდენცია შეინიშნება და ჩვენი მომხმარებლები ძირითადად ის ადამიანები არიან, რომლებსაც სახლში ბავშვი ჰყავთ.
აგროტურისტულ სექტორში შესვლას ვგეგმავდი, ამასთან ღირებულებები რომელიც მე მაქვს ევროპული კურსისკენაა მიმართული. ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, თუ ამ ყველაფერს ავკრძალავთ და აღარ გვექნება ევროპისკენ მიმართულება, ამ ყველაფერს დავკარგავ. თვითონ მეურნეობის კუთხით რაიმე საფრთხე ან დაპაუზება ჯერ არ მქონია, თუმცა რეალურად, მე ყოველთვის გამოვხატავ ხოლმე ჩემს აზრს და სამწუხაროდ, ჩემნაირ ადამიანებს სახელმწიფო ერჩის და მეც მაგ მოლოდინში ვარ“, – ამბობს ნიკა ბაგალიშვილი.
ბიომეურნეობა “სამყურა” რამდენიმე წელია სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში სხვადასხვა სახეობის ბოსტნეულს აწარმოებს.