ქვეყანაში არსებული მოცემულობა ბიზნესს არასტაბილურობის განცდას უჩენს – ბიზნესმენი

გადასახადის გადამხდელთა კავშირის თავმჯდომარის და ბიზნესმენის შეფასებით, ქვეყანაში არსებული მოცემულობა ბიზნესს არასტაბილურობის განცდას უჩენს. ასე პასუხობს ალექსანდრე რატიშვილი გადაცემა #რედაქტ2-ში დასმულ კითხვას – როგორ გრძნობს თავს ბიზნესი სამთავრობო ცვლილებების, არასტაბილური პოლიტიკური გარემოს და დაჩქარებით მიღებული კანონების პირობებში და რამდენად განჭვრეტადია მისთვის მომავალი.
კომპანია „ემსიბი ჯორჯიას“ დირექტორი აცხადებს, რომ ბიზნესი და არასტაბილური გარემო შეუთავსებელი ცნებებია და კერძო სექტორს ოპერირებისთვის განჭვრეტადი გარემო სჭირდება.
„ბიზნესში განწყობები ძალიან არასტაბილურია. ბიზნესი დაგეგმვის გარეშე, მომავლის პროგნოზირების გარეშე, სამომავლოდ პროექტების დაგეგმვისა და შექმნის გარეშე ბიზნესი ვერ იარსებებს. ეს ძალიან მგრძნობიარე დარგია და ისეთი საკითხები, როგორიც არის პოლიტიკური არასტაბილურობა, საზოგადოებრივი შიდა დაძაბულობა, მუდმივი დაპირისპირება, სასამართლოს დამოუკიდებლობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, რაც საქართველოში გაუთავებლად აქტუალური თემაა. რაც დამოუკიდებელია ეს ქვეყანა სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტიების შექმნა ვერ შევძელით, ამაზე მუდმივად არის საუბარი, რასაც ჩვენი უცხოელი პარტნიორების აღნიშნავენ. დღეს, ქვეყანაში არსებული მოცემულობა არასტაბილურობის განცდას აჩენს. არასტაბილურობის განცდა და ბიზნესი ერთმანეთთან სრულიად შეუთავსებელი ცნებებია, ბიზნეს სჭირდება სტაბილურობა.
შეიძლება ბიზნესი ხმამაღლა და აქტიურად არ საუბრობს, მაგრამ ეს ბიზნესის სპეციფიკიდან გამომდინარეობდეს. ახლა მამუკას და ბადრის დაკავებამ ეს ცოტა გაააქტიურა, ვნახოთ დღეს, ხვალ, ზეგ ალბათ უფრო მეტი ბიზნესის წარმომადგენელი ამოიღებს ხმას, მათ შორის ისეთი ბიზნესები, რომელთა განვითარებასა და ფეხზე დაყენებაში მამუკას და ბადრის უზარმაზარი ღვაწლი აქვთ შეტანილი, როგორც თავის დროზე ინვესტორებს და უამრავი ახალი პროექტების გამკეთებლებს.
ჩემთვის გაუგებარია რა სარგებელს ნახულობს ხელისუფლება მუდმივად ამ არასტაბილური გარემოს შენარჩუნებით. პირიქით ქვეყანას სიმშვიდე და სტაბილურობა სჭირდება და ის რომ ადამიანს კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო 8 თვის პატიმრობას უფარდებ და სვამ ციხეში აბსოლუტურად გაუგებარი ამბავია. კანონს აქვს ფულადი ჯარიმის სახე, გაფრთხილება, პატიმრობამდე თუ მიდგა საქმე 8 თვემდე არის მაგალითად 2 კვირა… ვარიანტებად ვამბობ… პირდაპირ ასე ადამიანები ჩასვა 8 თვით ციხეში ჩასმა აბსოლუტურად გაუგებარი ამბავია. თუ ვხედავთ, რომ ადამიანის ყველა წინა დამსახურება, რომელიც ამ ქვეყნის წინაშე ამხელა მასშტაბის არის – იგნორირებულია და კომისიაზე არგამოცხადების გამო ის ციხეში წავიდა, როგორი განცდა უნდა ჰქონდეს სხვა, ბევრად უფრო მცირე მასშტაბის ბიზნესმენს“, – აცხადებს ბიზნესმენი.
ალექსანდრე რატიშვილი იმასაც განმარტავს, რომ ბიზნესისთვის სტაბილურობის განცდას გამართული ინსტიტუციები აჩენენ, რა მხრივაც საქართველოში მნიშვნელოვანი პრობლემებია.
„იმისთვის, რომ ჩვენ ჩვენი მომავალი დავგეგმოთ და განვითარების პროექტებზე ვკონცენტრირდეთ სტაბილურობის განცდა უნდა გვქონდეს. ამ განცდას კი ერთი რამ აჩენს – ქვეყანა უნდა იმართებოდეს გამართული ინსტიტუციების მიერ. ინსტიტუციების გარეშე არც ევროკავშირი არსებობს, არც აშშ და არც ერთი ის განვითარებული ქვეყანა, ვისკენაც ჩვენ მივისწრაფვით. საქართველოში ამის სერიოზული პრობლემები გვაქვს და ერთი ადამიანის გადაწყვეტილებით შეიძლება მოხდეს პრემიერ-მინისტრიდან დაწყებული სხვა მინისტრების ჩანაცვლება. ანუ ინსტიტუციას კი არ ენიჭება უპირატესობა, არამედ შიდა განწყობებს“, – აღნიშნა ალექსანდრე რატიშვილმა.