„ქვეყანაში არსებული ვითარების გამო ყაზბეგში ზღვის დონიდან 3700 მეტრზე სამაშველო ქოხის მოწყობა სამწუხაროდ 1 წლით გადაგვედო“ – ნიკოლოზ ალავიძე

„ქვეყანაში არსებული ვითარების გამო ყაზბეგში, ზღვის დონიდან 3700 მეტრზე სამაშველო ქოხის მოწყობა სამწუხაროდ 1 წლით გადაგვედო“ – ამის შესახებ „კომერსანტს“„ალტიჰატის“ დამფუძნებელმა ნიკოლოზ ალავიძემ უთხრა, მისი თქმით აღნიშნული პროექტი შვეიცარიულ კომპანია Bally- სთან და სამეფო გეოგრაფიულ საზოგადოებასთან თანამშრომლობით ხორციელდება.
„მათი თხოვნით პროექტი არჩევნებამდე 1 წლით გადავდეთ, არჩევნები ოქტომბერშია და იმ დროს მთაში თოვლია, შესაბამისად სამუშაოებს ვერ დავიწყებთ, საერთაშორისო პარტნიორებმა გვთხოვეს, რომ პროცესებიდან გამომდინარე – იმიტომ რომ პროექტის განვითარებას ხელი არ შეშლოდა, მუშაობა შეგვეჩერებინა. ქართულ მხარის მხრიდან სახლი უკვე შეკვეთილია და თანხაც გადახდილი გვაქვს, შვეიცარიაში შენდება და მომავალ წელს ჩამოვიტანთ, იმედია ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდება და მომავალ წელს პროექტს გავაგრძელებთ“ – აღნიშნა ნიკოლოზ ალავიძემ.
რაც შეეხება სკიტურის მიმართულებას, ჩვენ საკმაოდ დიდი კაპიტალდაბანდება გავაკეთეთ მარკეტინგში, ჩავატარეთ სხვადასხვა ფესტივალები, ჩავრთეთ ისეთი ეკიპირების მწარმოებელი ბრენდების ათლეტები როგორიცაა Pretzel, Saleva, Dynafit. ამ მარკეტინგულ პროცესში ძალიან დიდი წვლილი ჰქონდა შეტანილი Bally-ს და სამეფო გეოგრაფიულ საზოგადოებასაც, რომლებიც სამთო მიმართულების ადვოკატირებასაც ეწევიან. ჩვენ გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირების მიზნით დავუკავშირდით ერთმანეთს და დავმეგობრდით და მათი მარკეტინგული აქტივობა ძალიან დიდი იყო და პოზიტიური გავლენა მოახდინა“ – აღნიშნა ნიკოლოზ ალავიძემ.
ალავიძემ ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებმა ძალიან დიდი ჩრდილი მიაყენა ამ ყველაფერს, სამაშველო ქოხთან დაკავშირებით თანამშრომლობა არ შეუწყვეტიათ, თუმცა ტექნიკური პაუზის აღება მოუხდათ კომპანიებთან.
„მიმდინარე მოვლენებმა საკმაოდ დიდი ჩრდილი მიაყენა ამ ყველაფერს და ვნახოთ, იმედი გვაქვს, რომ არჩევნების მერე თანამშრომლობას გავაგრძელებთ, თანამშრომლობა არ გაგვიწყვეტია უბრალოდ ტექნიკური პაუზა ავიღეთ, რადგან ამ კომპანიებისთვის რეპუტაციული რისკია ეს, როგორც მეგობრულად აგვიხსნეს ურჩევნიათ, რომ თავი შეიკავონ და დაელოდონ მოვლენების განვითარებას.“ – აღნიშნა ნიკოლოზ ალავიძემ.
„ყაზბეგში სასტუმრო „ალტიჰატის“ სამაშველო ქოხი ზღვის დონიდან 3700 მეტრზე მიმდინარე წლის აგვისტოში უნდა გახსნილიყო, როგორც ალავიძე საუბრობდა ეს იქნება სამაშველო დანიშნულების ქოხი, რომელიც მთლიანად კერძო ინვესტიციით გაკეთდება. „ფუნქციურად ეს იქნება სამაშველო, სააკლიმატიზაციო ქოხი ზღვის დონიდან 3700 მეტრ სიმაღლეზე.ქოხი დაახლოებით, 25 ადამიანს დაიტევს, საიდანაც 15 ადგილი გადაუდებელი სამაშველო საჭიროებებისათვის იქნება განკუთვნილი.“ – “ – აცხადებდა ალავიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ბიზნესი უნდა მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ თუ კადრებს შესთავაზებს ღირსეულ ანაზღაურებას, სადაზღვევო პაკეტითა და კარიერული წინსვლით, მაშინ საკადრო პრობლემებიც აღმოიფხვრება – პაატა აროშიძე