„ქვეყანას აქვს პოტენციალი, მომდევნო 3-4 წელში 25 ათას ტონამდე მოცვი აწარმოოს“ – საქართველოში მოცვის მოსავალი უკვე აიღეს

საქართველოში მოცვის მოსავლის აღების პროცესი დასრულდა. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა შოთა ცუკოშვილმა განუცხადა, წელს ქვეყანაში მოცვის მოსავალი, დაახლოებით, 25%-ით გაიზარდა და 7 ათას ტონას მიაღწია.
„მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რაც მიმდინარე წელს მწარმოებლებს ცუდმა კლიმატურმა პირობებმა შეუქმნა, ქვეყანამ მაინც შეძლო, გასული წლის მაჩვენებლები გაეუმჯობესებინა. კერძოდ, გაზაფხულზე, საქართველოს იმ რეგიონებში, სადაც მოცვი იწარმოება – გურიასა და აჭარაში, იყო ყინვები და სტიქია, რამაც მოსავლის ნაწილი გაანადგურა. თუმცა, საბოლოო ჯამში, ახალი ბაღების ხარჯზე, როგორც უკვე გითხარით, მოცვის მოსავალმა 7 ათას ტონას მიაღწია“, – აღნიშნა ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.
შოთა ცუკოშვილის თქმით, რეალურად ქვეყანას აქვს პოტენციალი, რომ მომდევნო 3-4 წელში 25 ათას ტონამდე მოცვი აწარმოვოს. მით უფრო, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ქართულ მოცვზე საკმაოდ მაღალი მოთხოვნაა, რასაც რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. პირველი მიზეზი – მოსავლის მიღების პერიოდია. ქართული მოცვი მაისის თვიდან ივლისის ბოლომდე პერიოდში მოდის, ანუ მაშინ, როცა მსოფლიოში ლურჯი მოცვის სხვა მწარმოებელი ქვეყნები ბოლო მოსავალს აგროვებენ. შესაბამისად, ქართული მოცვი გლობალურ ბაზრებზე გასაყიდად მაშინ შედის, როდესაც ბაზარზე მისი დეფიციტია.
გარდა ამისა, დარგის ექსპერტების შეფასებით, საქართველოს უპირატესობა მისი მდებარეობაცაა, ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო ბაზრებზე შესაძლოა, მოცვის მეტად ღირებულ მიმწოდებლად იქცეს, რადგან ევროპასა და აზიას შორის მდებარეობს.
სწორედ ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, საქართველოდან მოცვის ექსპორტი წლიდან წლამდე მზარდია და წელსაც, ქართული მოცვი ექსპორტზე 8 სახელმწიფოში გავიდა, მათ შორის – ევროკავშირისა და გალფის ქვეყნებში, ასევე ინდოეთში.
როგორც ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა განმარტა, წელს გაზრდილი იყო ქართული მოცვის საექსპორტო ფასიც და 1 კილოგრამზე 10-დან 20 ლარამდე მერყეობდა.
რაც შეეხება ლურჯი მოცვის წარმოების ისტორიას საქართველოში, მოცვის პირველი ნერგები 2011 წელს გაჩნდა და ამ კულტურის წარმოება პროგრამის „დანერგე მომავალის“ ფარგლებში დაიწყო. პირველი კომერციული მოსავალი კი ქვეყანამ 2015 წელს მიიღო.
bp.ge