ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მერაბ გაფრინდაშვილმა საინფორმაციო ბიულეტენის გაცნობის მიზნით, შეხვედრა გამართა, რომელსაც ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, მისი მოადგილე ილია ჯალაღანია და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გეოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, ადგილობრივ ხელისუფლებას ქვემო ქართლის მხარეში 2023 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და 2024 წელს მოსალოდნელი პროგნოზები გააცნეს.
„ბიულეტენში ასახულია გეოლოგიური მონიტორინგის და სტიქიის ექსტრემალური გააქტიურების პერიოდში ჩატარებული კვლევების შედეგად დამუშავებული გეოლოგიური საფრთხეების (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა და სხვა) შესახებ ინფორმაცია. ბიულეტენს, ასევე, ახლავს გეოლოგიური საფრთხეების სპეციალიზებული რუკები საქართველოს ცალკეული მხარეებისა და მუნიციპალიტეტების მიხედვით.
შეხვედრაზე, მხარეებმა რეგიონში არსებული ბუნებრივი საფრთხეები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.