ქვემო ქართლსა და მცხეთა-მთიანეთში ელექტროშოკით უკანონო თევზჭერის 3 ფაქტი გამოვლინდა

ქვემო ქართლსა და მცხეთა-მთიანეთში ელექტროშოკით უკანონო თევზჭერის 3 ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
ამავე ცნობით, 2 სამართალდარღვევა გამოვლენილია ქვემო ქართლში, მდინარე მტკვარზე.
„მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ქესალოს მიმდებარედ, სამართალდამრღვევები უკანონო თევზჭერას გასაბერი ნავიდან, აკრძალული იარაღის – ელექტროშოკური მოწყობილობის გამოყენებით ახდენდნენ. მათ უკანონოდ ჰქონდათ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 44 კგ თევზი.
გასაბერი ნავისა და ელექტროშოკური მოწყობილობის გამოყენებით ახდენდნენ უკანონო თევზჭერას მოქალაქეები გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათაქლას მიმდებარედაც. სამართალდამრღვევებს უკანონოდ ჰქონდათ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 38,1 კგ. თევზი.
უკანონო თევზჭერის 1 ფაქტი აღკვეთილია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსნის მიმდებარედ. მოქალაქეები ელექტროშოკური მოწყობილობით უკანონო თევზჭერას, მდინარე ქსანზე ახდენდნენ.
ვინაიდან სამივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.