ქველმოქმედება, ბიზნესი თუ ფინანსური თაღლითობა – სქემაში 13 000-მდე ემიგრანტი ჩართეს
ქალი, რომელიც “კურიერი P.S.-ს” ინტერვიუზე დათანხმდა, მასშტაბურ თაღლითურ სქემაზე საუბრობს. რესპონდენტი ჰყვება, თუ როგორ ჩაითრიეს ათასობით ემიგრანტი ე.წ. ფინანსურ პირამიდაში.
ჟანა ლოგუა ამბობს, რომ კარგად ორგანიზებულმა დაჯგუფებამ მხოლოდ მისგან 7000 დოლარი მიითვისა. ფინანსებთან ერთად, დაკარგა ჯანმრთელობაც. ის ონკოლოგიურ დაავადებას ამ დრომდე ებრძვის.
მას შემდეგ, რაც ე.წ. პირამიდის მუშაობაზე კითხვები გაუჩნდა, ქალი მუქარის, შეურაცხყოფისა და ღირსების შემლახავი ყალბი ინფორმაციის გავრცელების სამიზნე გახდა, მანამდე კი ასიათასობით თანხის მითვისებაზე ინფორმაცია ემიგრანტებს გაუზიარა.
ვინ დგას უპრეცედენტო თაღლითური პირამიდის უკან, რომელმაც სქემაში 13 000-მდე ადამიანი ჩართო? დაზარალებულები ამბობენ, რომ დაჯგუფებას ვინმე ბადრი აბაშიძე და რუსუდან ლომიძე ხელმძღვანელობენ. მათ მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია სახელწოდებით “სიკეთე და ერთობა” ემიგრანტებს ე.წ. სასაჩუქრე სისტემაში ფულის დაბანდებას სთავაზობს. საწყისი შენატანის გარდა, ერთმა ადამიანმა სქემაში დამატებით ორი ადამიანის მოზიდვა და ჩართვა უნდა უზრუნველყოს, თავის მხრივ, ამ ორმა – კიდევ ორის და, ამ მეთოდით, ორგანიზაციის დახურულ ჩათში თავი ათასობით ადამიანმა მოიყარა.
რუსუდან ლომიძე დახურულ ჯგუფში ე.წ. ვებინარებს უძღვება და ჯგუფის წევრებს ნათელ მომავალსაც ჰპირდება. რესპონდენტები ჰყვებიან, რომ მათ, ვისაც კითხვები უჩნდება, ჩათიდან აგდებენ და აღარც გადახდილ თანხებს უბრუნებენ. დაზარალებულთა ნაწილს კამერების წინ გამოჩენა არ სურს, რადგან ბევრი მათგანი, Facebook-ზე შექმნილი ყალბი პროფილების მეშვეობით, ერთხელ უკვე გახდა თავდასხმისა და შეურაცხყოფების სამიზნე.
“კურიერი P.S-მა” ბრალდებების მთავარ ადრესატებს მარნეულის რაიონის სოფელ შაუმიანში ჩააკითხა. რუსუდან ლომიძე და ბადრი აბაშიძე ამბობენ, რომ ამ ტერიტორიაზე სხვადასხვა ქვეყანაში გადახვეწილი ემიგრანტები უნდა ჩამოიყვანონ და, სამუშაოსთან ერთად, საცხოვრებელი ფართებიც უნდა მისცენ. ამბობენ, რომ მიწები ემიგრანტებისთვის შეიძინეს, თუმცა საჯარო რეესტრში უკვე წლებია, მთელი ტერიტორია სრულიად სხვა პირზეა რეგისტრირებული. ბადრი აბაშიძე “კურიერი P.S-თან” უარყოფს ფინანსური პირამიდის ორგანიზებას და ემიგრანტების ფულის მითვისებას. ამბობს, რომ არც დაზარალებულების მიმართ წარმოებულ შეურაცხმყოფელ კამპანიასთან აქვს რაიმე საერთო.
პირამიდულ სქემასთან ყოველგვარ კავშირს უარყოფს რუსუდან ლომიძეც. ამბობს, რომ ორგანიზაცია რეგიონული განვითარების პროექტით არის დაკავებული და გარკვეულ ადამიანებს ამ საქმეში ხელის შეშლა სურთ. სოფელ შაუმიანის მინდვრებში მიწის ნაკვეთები მართლაც დაამუშავეს. ამბობენ, რომ საბოლოო მიზანი ამ ტერიტორიაზე ემიგრანტების დასახლებაა.
ემიგრანტების ნაწილი “კურიერი P.S.-თან” ამბობს, რომ მითვისებული თანხებით ბადრი აბაშიძემ და რუსუდან ლომიძემ საკუთარი ბიზნესი ააწყეს და სამშობლოში ემიგრანტების დაბრუნებაც მხოლოდ აფერაა.
ორგანიზაციას, რომელსაც თაღლითობაში ადანაშაულებენ, სოციალურ ქსელში კვლავ ბევრი მიმდევარი ჰყავს. რეპორტაჟზე მუშაობის პროცესში, ემიგრანტების ნაწილმა ვიდეო მიმართვებიც ჩაწერა. სჯერათ, რომ მრავალწლიანი ემიგრაციის შემდეგ, მარნეულის რაიონის სოფელ შაუმიანის მინდვრებში, მათთვის ახალი სოფელი შენდება.
ქველმოქმედება, ბიზნესი თუ ფინანსური აფერა? ამ კითხვას პასუხი ახლა საგამოძიებო უწყებებმა უნდა გასცენ. მოქალაქეების ნაწილი პროკურატურაში საჩივრის შეტანას უკვე გეგმავს.