მოგიწოდებთ უფრო მკაცრები იყოთ ხელისუფლების მიმართ და მეტი მხარდაჭერა გამოხატოთ ხალხის მიმართ. ხელისუფლება იმსახურებს სანქციებს და კიდევ უფრო მეტსაც, – ამის შესახებ „ღია საზოგადოების ფონდის“ დირექტორმა, ქეთი ხუციშვილმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება მიმართავს რეპრესიებს, დაჭერას, ძალადობას, მაშინ როდესაც ქართველი ხალხი ქუჩაში 200 დღეზე მეტია საკუთარი უფლებების დასაცავად იბრძვიან.
„დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წელზე მეტის გასვლის შემდეგ საქართველოში დღეს რუსული სტილის ავტორიტარიზმის მომსწრენი ვართ. მაშინ, როდესაც საქართველოს ხელისუფლება მიმართავს რეპრესიებს, დაჭერას, ძალადობას, ქართველი ხალხი იბრძვის ქუჩაში 200 დღეზე მეტია. ქართველები მზად არიან იბრძოლონ თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის და ევროპული ტიპის დემოკრატიისთვის. ჩვენ ვაფასებთ იმ ყველაფერს, რასაც ჩვენთვის აკეთებთ და მეტი მხარდაჭერისკენ მოგიწოდებთ. მოგიწოდებთ, უფრო მკაცრები იყოთ ხელისუფლების მიმართ და მეტი მხარდაჭერა გამოხატოთ ხალხის მიმართ. ხელისუფლება იმსახურებს სანქციებს და კიდევ უფრო მეტსაც“, – განაცხადა მან.
ცნობისთვის, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა საქართველოს შესახებ ანგარიშის პროექტი შესწორებებით დაამტკიცა. დოკუმენტს მხარი 55-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 14-მა ხმა მის წინააღმდეგ მისცა და 4-მა თავი შეიკავა.
