66 წლის ასაკში გარდაიცვალა მწერალი ზურაბ ქარუმიძე. ზურაბ ქარუმიძეს ლიტერატურულ წრეებში იცნობდნენ შოუ ბაბუხადიას ფსევდონიმითაც. ამ ფსევდონიმითაა გამოცემული მისი რომანი „ბაყაყები“. სწორედ ამ რომანის შესახებ დაწერა წერილი ლიტერატურათმცოდნემ, ჟურნალისტმა ქეთი ქურდოვანიძემ განახლებული ალმანახის ” პირველი სხივი”-ს, პირველ ნომერში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
ცნობისათვის, “პირველი სხივი“ უნივერსიტეტის ტრადიციული ჟურნალია, რომელიც წლების განმავლობაში ახალგაზრდა შემოქმედთა წახალისებას და მათი ნაწერების მკითხველისთვის წარდგენას ემსახურებოდა. პირველი ნომერი უნივერსიტეტის მაშინდელი რექტორის ნიკო კეცხოველის თაოსნობით 1950 წელს გამოიცა.
ალმანახის აღდგენის ინიციატორი კი თსუ-ს მაშინდელი რექტორი გიორგი შარვაშიძეა. რედაქტორად ამავე უნივერსიტეტის პროფესორი, პოეტი და მთარგმნელი გიორგი ლობჟანიძე დაინიშნა.
ქეთი ქურდოვანიძე – იდენტობის კრიზისი და სათამაშო სივრცეების გახსნა
სულ ახლახან გამომცემლობამ „წიგნები ბათუმში” ქართველ მკითხველს წარუდგინა უცნობი ავტორის – შოუ ბაბუხადიას მეტამოდერნისტული რომანი „ბაყაყები“. რომანი იმდენად შთამბეჭდავი გამოდგა, რომ გადავწყვიტე, გავცნობოდი ავტორს და მასთან ლიტერატურული საუბარი გამემართა, რადგან, ვფიქრობ, რომ ცოცხალმა ავტორებმა თავიანთ შემოქმედებაზე თავადვე უნდა ილაპარაკონ. თუმცა კომუნიკაციების, ინტერნეტისა და სოციალური ქსელების ეპოქაში მასთან დაკავშირება ვერ მოვახერხე. ამ იდუმალი ავტორის სრულიად ფანტასტიკური რომანი კიდევ ერთხელ გადავიკითხე და შევეცადე, გაჩენილ კითხვებზე პასუხები სწორედ მასშივე მომეძიებინა, რამეთუ ავტორი თავად ტექსტია, ტექსტი კი – ავტორზე მეტი.
რომანის სათაურმა მაშინვე არისტოფანეს კომედია მომაგონა – ტრაგედიის ღვთაება, დიონისე, ჩადის ჰადესში, რათა იქედან ამოიყვანოს ან ესქილე, ან ევრიპიდე, რამეთუ ათენში კარგი დრამატურგები აღარ დარჩნენ. თუმცა ეს კავშირი მხოლოდ სტრუქტურული მინიშნება გამოდგა: ბაბუხადიას რომანის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის, ბერი ნიკოდიმოსი, გადაწყვეტს, ლგბტ თემის წარმომადგენელთა ტვინებში შესვლას ცოდვილ სულთა სახსნელად, რამეთუ „სალოსები აღარ ჰყავს ეკლესიას, აღარავის შეუძლია თამაში თვითგვემაზე — თვითგანადგურებაზე, თვითუარყოფაზე, რომლითაც ადრე განამზადებდნენ გზას უფლისას. ამ ახალ დროში, აი, ამ მხიარულმა ბიჭებმა დაიკავეს სალოსების ადგილი, ღმერთის მოვლინების ადგილი, ჰო, იმ ერთი ადგილის თამაშით დაიკავეს… ხომ მშვენიერი ქმნილებაა ადამიანი, რომელსაც მუდამ უფრო მეტი უნდა, ვიდრე სჭირდება; ჰო, მეტი, ვიდრე სჭირდება, აი, სწორედ ესაა დღეს თავისუფლების არსი!“ ამ სტრუქტურული მოდელის გარშემო იქმნება სწორედ ის მეტამოდერნისტული შოუ, რომელსაც უძღვება ლგბტ თემის წარმომადგენელი, ჟურნალისტი, დასავლურ ფასეულობათა ადეპტი, სანჯაია კრიშნა, და რომელშიც მონაწილეობს ბიოლოგის ფაკულტეტის ყოფილი სტუდენტი, ამჟამად კი ბერი – ნიკოდიმოსი. და მაინც, რა არის რომანის გასაღები? ვფიქრობ, მისი დასაწყისი – დიდი მეტამორფოზა, როდესაც ქართლოსი სიზმარში ხედავს, რომ ქალად გადაიქცა, ისიამოვნა თავის ბანჯგვლიან ქმართან და პირზე დუჟმორეულმა გაიღვიძა. „მე სხვა ვარ“ – აი, რა ურღვევს ქართლოსს პიროვნულ მთლიანობას. ოცდამეერთე საუკუნეში სოციუმის გართულებასთან ერთად იწყება კონფლიქტი ინდივიდის იდენტობის მყარ, დამკვიდრებულ სტრუქტურასა და არსებულ რეალობას შორის. იდენტობის კრიზისი გარდაუვალი და ლოგიკური ეტაპია ადამიანის პიროვნული განვითარების გზაზე, რათა მან მიაღწიოს ჰარმონიულ მთლიანობას. ადამიანს ბავშვობიდანვე უხდება ჯერ მშობლებთან, ნაციონალობასთან, შემდეგ კი საზოგადოების სოციოკულტურულ სიმბოლოებთან შეგუება, თუმცა ამ გაცნობიერებული კულტურული ქმნადობის პირისპირ არსებობს იმპულსური წადილი, ტრადიციის ალტერნატივად – სიახლე, მატერიალურის საპირწონედ – სულიერი. სწორედ თანამედროვე კულტურული კონტექსტის წინააღმდეგობრივი ხასიათი განაპირობებს პიროვნების იდენტობის კრიზისსაც. და მაინც რატომ კარგავს ადამიანი უნიკალურობას? იმიტომ, რომ სწორედ ეს უნიკალურობა ზღუდავს მას, ართმევს თავისუფლებას. მის დეპერსონალიზაციას ხელს უწყობს იდეურ-ფასეულობითი ორიენტაციების დასამკვიდრებლად ამოქმედებული თანამედროვე საკომუნიკაციო სისტემებიც, რადგან „ეს ხალხი-ქუჩაში მოარული, უმაქნისი, ზარმაცი, ზერელე, უბირი ხალხი-საჭიროებს თვალსაწიერის გაფართოებას, განათლებას; რომ ეს „დედაეკლესია“ თავისი ქართული, ძირძველი მართლმადიდებლობითა და ინფანტილური, ტრადიციონალისტი, შეუვალი და გონებაჩლუნგი მრევლით უკვე ყველაფრის გაკონტროლებას ცდილობს – ყველაფერს მოედო და თავისუფლებას ადგილს აღარ უტოვებს, რომ საჭიროა სათამაშო სივრცეების გახსნა, როგორც ფეხბურთშია…“ იქნებ სწორედ ეს კულტურული კონსტრუქციების რღვევა, მეტიც, ანთროპოლოგიური კრიზისი განაპირობებს, როგორც ფუკო იტყოდა, „ქვიშიან სანაპიროზე ამოტვიფრული ადამიანის ხატების“ გაქრობას? რომანის მთავარი პერსონაჟის, ნიკოდიმოსის, ფიქრები გვპასუხობს: „ადამიანის თავისუფლებას მართლა არ აქვს საზღვარი, იგი მართლა ცვლის თავისი ბუნების ბიოლოგიურ მხარეს ისე, როგორც წარმოუდგენია, რომ უნდა იყოს – ქალი ან კაცი, ან ორივე ერთად, ან არც ერთი. არადა ამას ვერ აუკრძალავ, ეს მისი თავისუფლებაა, რომელიც ღმერთმა ჩადო მასში, რომ თავისით გაიკვლიოს გზა, საითაც უნდა. და საით მიდის ეს გზა? ლეგენდებისა და მითების ეპოქა ბრუნდება – თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით მალე რეალურად შეიქმნებიან კენტავრები, სატირები, გარგულიები, გრიფონები, ფრთოსანი გველები… რა რეალობის გაყალბება ინტერნეტსივრცეში – მაგას ვინღა დარდობს! ადამიანი უსაკუთრივეს ბუნებას გარდასახავს ისე, როგორც მოეპრიანება – პროტევსივით… ჰო, მატერიალიზებული მითოლოგიის ეპოქაში შევდივართ.“ გამოდის, რომ აპოფატიკური ჟამი დგება, ანუ დიდი კარნავალი იწყება, და როგორ რომანის ერთ-ერთი პერსონაჟი, სანჯაია, კითხულობს: – რას უნდა ველოდოთ, მამაო? პასუხიც აქვეა: „მითოსური ეპოქა გვიბრუნდება, თუ ჩვენ თვითონ ვუბრუნდებით მითოლოგიას.“ მითოლოგიასთან დაბრუნებას, ფრომის აზრით, სიყვარულის ნაკლებობა განაპირობებს. რომანის ერთ-ერთი სცენაც ამაზე მეტყველებს, როდესაც სასცენო დეკორაციას ვეება ფარშავანგი აერთიანებს, გაშლილი კუდით, ხოლო აუდიტორიას ვნების ტალღა გადაუვლის: „ქალები ნდომობენ ერთმანეთს, მამაკაცები – ერთმანეთს…ნდომობენ და ვერა ძღებიან“. ფარშავანგის ანუსი კი მეტყველებს: „შენ ეს შეძელი და ამ პუბლიკას და ამ მასას სიყვარული არგუნე!“ ფარშავანგის კვერცხიდან იბადებიან მასხარა და ქურდი: ერთმა უნდა მოიპაროს ამ მრავალფეროვანი აუდიტორიის იდენტობა, მეორემ კი ამაზე იცინოს: „მამაო ჩვენო, რომელი ხარ დედაი ჩვენი, დიდებულ იყოს დედაი ჩვენი, რომელი არს მამაი ჩვენი!…“ წვერებიანმა ქალმა კი (ასოცირდება ვილგეფორტთან, რომელიც ჯვარს აცვეს) სანაგვეზე ნაპოვნ ჩვილს -კაცობრიობას ძუძუ უნდა აწოვოს. და მაინც როგორია ამ რომანის დისკურსი? აი, ასეთი: „სიყვარული, რომელიც თავის გამხელას ვერ ბედავს, სიყვარული მამაკაცსა და ყმაწვილს შორის – ნატიფი, დახვეწილი გრძნობა: მიქელანჯელოს, შექსპირის სონეტებში გამოთქმული, ოსკარ უაილდის სულის სიღრმიდან ამოსული… საპნის ქაფმოდებული ბარძაყი, თეძო, დუნდულო, წელი, არქაული სკულპტურებივით, მარმარილოსგან ნაქანდაკარი. სამოსის ნაკეცებში გამჟღავნებული სიშიშვლე — ჭეშმარიტების გაცხადება… დადგა დრო, ოცდამეერთე საუკუნეა, და ამ სიყვარულმა გაბედა და თავი გაამხილა — საჯაროდ, საყოველთაოდ. ადამიანი დიდ მეტამორფოზას განიცდის! აქაც, ამ ქალაქში, ამ ქვეყანაში, ამ საზოგადოებაში.“
ეს რომანი იდენტობის ქრობაზეა, მათ შორის ამა თუ იმ რეალობის იდენტობის ქრობაზე. ამიტომაცაა რეალობა ასეთი მყიფე და ცვალებადი რომანის მეორე ნაწილში, ხოლო ფინალური შოუ, სიმულაცია – შესაძლოა, უფრო დამაჯარებელიც კი, ვიდრე ეს არამდგრადი რეალობა. დაბოლოს, ჩვენ არ გვშურს არისტოფანესი, ჩვენ ჩვენი „ბაყაყები“ შევიძინეთ.
ზურაბ ქარუმიძე