ქეთი ქურდოვანიძე: ჩვენც წარმატებით დავამარცხეთ ხატაეთი, მოგვატყუეს, გვიღალატეს, ჭრილობებიც მოგვაყენეს, მაგრამ ვერ გაგვტეხეს. წინ დიდი ბრძოლა გველის, ქაჯეთის დამორჩილება

“რა მოხდა გუშინ ღამე
ხატაეთიდან ინდოეთს შემობრუნებულ ტარიელს თან მოჰყავს მოღალატე რამაზ მეფე, მონანიე და შერცხვენილი. ტარიელი ამბობს: “ორგული და მოღალატე ნამსახურსა დავამგვანე”. გუშინ ჩვენ შორის ღირსეულად დადიოდნენ რამაზ მეფის მსგავსი ადამიანები, ხარობდნენ ჩვენსავით , საკუთარ სირცხვილზე გამარჯვებულები, ამაყები და ჩვენზე მეტად შემართულნი.
ხატაელებთან ბრძოლაში მკლავში დაჭრილი ტარიელის სანახავად ყველა გარეთ გამოდის, რამეთუ გმირის ჭვრეტა ადამიანებს ამ გმირობის თანამონაწილეობის განცდას უჩენს: “ჩემთა მჭვრეტელთა მოეცვა ქალაქი, შუკა და ბანი.
ფერმიხდილ-გვარად ვშვენოდი ვარდი, ცრემლითა ნაბანი”. გუშინ იმ ცრემლით ნაბანი ვარდის -30 დღის განმავლობაში ყინვაში, წვიმაში დარბეული, ნაცემი, დაჭერილი, მაგრამ გმირულად მებრძოლი გაუტეხელი საქართველოს სანახავად გამოსულმა ხალხმა აავსო “შუკა და ბანი”, შეუერთდა საერთო სულისკვეთებას ყველა, ვინც აქამდე ვერ მოიცალა, ან თავის მოვალეობად არ მიიჩნია ამ პროცესში აქტიური მონაწილეობა.
ეს იყო ის ორი მთავარი იმპულსი, რომლებმაც ახალი წლის ღამეს განსაკუთრებული მნიშვნელობა შესძინა.
ხატაეთი ქაჯეთის წინასახეა. მისი დამარცხება მიანიშნებს ქაჯეთის დამარცხებაზეც, ხატაეთზე გამარჯვება ჩვენს შიგნით ჩაბუდებულ ტოტალიტარიზმზე გამარჯვებას ნიშნავს, ამიტომაც ყველა იქ შეკრებილი აცნობიერებს ამ გამარჯვების მნიშვნელობას:
“სხვა გახარება ასეთი არს უნახავი თვალისა!”
ჩვენც წარმატებით დავამარცხეთ ხატაეთი, მოგვატყუეს, გვიღალატეს, ჭრილობებიც მოგვაყენეს, მაგრამ ვერ გაგვტეხეს. წინ დიდი ბრძოლა გველის, ქაჯეთის დამორჩილება, ქაჯეთის ბინადართა გაადამიანურება, მათში სინანულის, სინათლის, სიკეთის ნაპერწკლის გაღივება, რათა აღსრულდეს რუსთაველის ნატვრა: “შიგან მათთა საბრძანისთა, თხა და მგელი ერთგან სძოვდეს,” – წერს სოციალურ ქსელში ლიტერატურათმცოდნე .