ამ სტატიის დასათაურება და ფაზლის პრინციპით აწყობა შთამაგონა დავით ქართველიშვილის რომანმა „მეგაპოლისი და ფიზიკური პირები“.
მადლობა მას ამ რომანისთვის.
საქართველოში მიმდინარე მოვლენების მიმართ დასავლეთის ყურადღება ბოლო დროა საგრძნობლად გაიზარდა. იკითხავთ, განა, რა დაინახეს ისეთი, რაც აქამდე დღესავით ნათელი არ იყოო? რამ შეაშფოთა ესოდენ ავტორიტეტული ორგანიზაციები და საერთაშორისო საზოგადოება, რომ არ დარჩა საქართველოსთან დაკავშირებული თითქმის არცერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელშიც „ოქროს ასოებით“ არ ჩაწერილა ბიძინა ივანიშვილის სახელი და გვარი? აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დანართი, რომელიც ამ სახელისა და გვარის გასწვრივ განცხადებიდან განცხადებამდე, ფორუმიდან ფორუმამდე, კონფერენციიდან კონფერენციამდე დრამატულად იცვლება და სულ უფრო მეტ დისკომფორტს უქმნის საქართველოს არაფორმალურ მმართველსა და მის, ახლა უკვე თამამად შეიძლება ითქვას, პრორუსულ ხელისუფლებას.
ივანიშვილის თავს დატეხილი დასავლური რისხვა სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული. ჩვენი წერილი ილიკო-ილარიონის მსჯელობას რომ არ დაემსგავსოს, სპეკულაციებისგან თავს შევიკავებ. მაგრამ ფაქტია, რომ ივანიშვილზე, როგორც ჯერ არაფორმალურ მმართველზე, მერე ავტორიტარზე, ბოლოს კი პრორუს ოლიგარქსა და საქართველოს დასავლეთთან დამშორებელზე ღაღადებენ საერთაშორისო დოკუმენტები. მიუნხენის კონფერენციის 2024 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ პრორუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და საქართველოს მმართველი პარტიის დამფუძნებელი პასუხისმგებელია ქვეყნის ბოლოდროინდელ დემოკრატიულ უკუსვლასა და ევროკავშირთან დაშორებაზე, ქართველი საზოგადოების უმრავლესობის სურვილის მიუხედავად.
ეს ჩანაწერი წინამორბედთაგან იმით განსხვავდება, რომ იქნება თუ არ იქნება ივანიშვილი ფორმალურად პოლიტიკაში, დასავლეთი საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობას მაინც მას აკისრებს. მიუხედავად ამისა, უამრავ ქართველს დასავლეთის მიერ ივანიშვილის მიმართ გამოთქმული ეპითეტები მაინც უკმარობის გრძნობას უტოვებს. რამდენი რამის დამატება შეიძლებოდა: 2012 წლის არჩევნების წინა ღამეს ქვევრში ჩამხრჩვალი ჩვილი ბარბარე რაფალიანცის შემზარავი და დღემდე გამოუძიებელი სიკვდილის წინასაარჩევნო ისტერიის გასაღვივებლად გამომყენებელი, გავრილოვის ღამეს ახალგაზრდებისთვის თვალების დამთხრელი, ციხეების პოლიტპატიმრებით ამავსებელი, ქვეყანაში დიდი კორუფციისა და კრიმინალის დამბრუნებელი და ა.შ. მაგრამ ვინ მიგიშვებს, თანაც ფორმატიც შეზღუდულია და დიდი კალმოსნობის დროც არავის აქვს…
განა არ იცოდა „იმ ბრძენმა კაცმა“, რომ ადრე თუ გვიან ეს დღე დადგებოდა, განა ისე დაკარგა ანალიზის უნარი, რომ ვერ ხვდება, რაც პუტინს ჯერ კიდევ გასდის თუ ეპატიება, მისი მარიონეტებისთვის განაჩენია. ამიტომაც ხელისუფლების სადავეები, მისივე თქმით, „გამართულ და ღირსეულ“ პოლიტიკურ ძალას, „ქართულ ოცნებას“, გადააბარა და ფორმალური პასუხისმგებლობაც ბონუსად გაატანა. თუმცა ნიცშესა და ფროიდის კითხვაში სულ გადაავიწყდა რუსთველური სიბრძნე: რასაცა გასცემ შენიაო.
ამ ფორმალურ აქტს კარგი შეფუთვაც სჭირდებოდა, რადგან მისი ბიოგრაფია, ბნელი რუსული წარსული და პუტინის გარემოცვასთან სიახლოვე საპირწონეს ითხოვდა. ამიტომაც, ვინმე რომ არ დაეჭვებულიყო მის პროდასავლურობასა და დემოკრატობაში, ქართული ოცნების საპარლამენტო კოალიციის რიგები პატარ-პატარა „პროდასავლური“ პარტიებითა და პოლიტიკოსებით გაავსო. ევროპის თვალის ასახვევად პრეზიდენტად ჯერ ნიცშესა და შოპენჰაუერთან მისი მაზიარებელი უფხო ადამიანი დასვა, შემდეგ კი მთლად ევროპიდან ჩამოიყვანა ჯერ ეროვნული მოძრაობის მიერ შეჩვენებული, მერე კი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების მიერ მინისტრობიდან გაშვებული ფიგურა, რომ ვერ გაუგებ ბარდა სკლიაროსივით, როდის ვისთან იყო, როდის ვის აუჯანყდა და როდის ვის უღალატა. ჩამოიყვანა და მის მაგივრად პრაქტიკულად თავად იყარა კენჭი.