ქეთი ბოჭორიშვილი: საგანგაშოა, რომ საქართველო არაა დაპატიჟებული დავოსის ფორუმზე. ეს იზოლაციის მანიშნებელია

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, ქეთი ბოჭორიშვილის შეფასებით, ქვეყნის იზოლაციის მიმანიშნებელია ის ფაქტი, რომ დავოსის 2025 წლის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე საქართველო მიწვეული არაა. მან ამის შესახებ BM.GE-სთან განაცხადა.

ის ფორუმის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას, როგორც საერთაშორისო პარტნიორ ქვეყნებთან და ბიზნესებთან ურთიერთობის შესაძლებლობაზე.

ამასთან, ქეთი ბოჭორიშვილი, რომელიც ფორუმში აქტიურად მონაწილეობს, ამბობს, რომ წელს, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, გადაწყვიტა, მონაწილეობა არ მიეღო.

“მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პლატფორმაა, სადაც ხდება ასე ვთქვათ გადატვირთვა და ახალი წლის ტენდენციების გამოკვეთა, დამეგობრება და სტარტის აღება. ეს არ არის უბრალოდ კონფერენცია, ესაა მრავალი ათწლეულის განმავლობაში ჩამოყალიბებული ინსტიტუტი, რომელიც მედიაციის, გაერთიანების პლატფორმაა, რომელშიც მსოფლიოს მაღალი რანგის ლიდერები მონაწილეობენ. ვიდეო მიმართვა ექნება -ის ახლად არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, იქიდან გამომდინარე, რომ მისი ინაუგურაცია კონფერენციის დღეებს ემთხვევა. წელს დარეგისტრირებულია 3 000 წარმომადგენელი, მათ შორის 60 მსოფლიო ლიდერი ჩადის. ძირითადად, დავოსი ბიზნესის სექტორის კუთხით გამოირჩევა, აქ ბიზნესი ტოპ ლიდერშიფის დონეზე, ძალიან მასშტაბურადაა წარმოდგენილი. ამიტომ, ყოველწლიურად ესაა უნიკალური შესაძლებლობა, რომ ჩაატარო უამრავი შეხვედრა, როგორც პოლიტიკური, რომ სტრატეგიულ პარტნიორებთან გააკეთო განახლება ურთიერთობების, ასევე უმნიშვნელოვანესია, შეხვდე ბიზნესსექტორს და შენი ქვეყანა წარმოაჩინო და მათი ინტერესის სფეროში მოახვედრო.

ამ ყველაფრის ფონზე, რა თქმა უნდა, ძალიან საწყენი და შემაშფოთებელია, როდესაც საქართველოს მთავრობა არ არის მიწვეული. ეს არის სწორედ იმის მიმანიშნებელი, რომ ქვეყანა არის იზოლაციაში, ქვეყანას არ ცნობენ საერთაშორისო ლეგიტიმური მოთამაშეები და ეს უკვე გამოისახება ძალიან კონკრეტულ ქმედებებში. იქ უკვე საჭიროდ მიიჩნევენ, რომ შენ აღარ უნდა იჯდა ამ მაგიდის ირგვლივ და იღებდე მონაწილეობას საუბრებში.

მე ფორუმში თითქმის ყოველწლიურად ვიღებ მონაწილეობას. თავდაპირველად ვმონაწილეობდი როგორც ეკონომიკის სამინისტროდან სამთავრობო დელეგატი, ბოლო ორი წელი კი, როგორც ახალგაზრდა გლობალური ლიდერი. ჩემთვის ეს იყო უმნიშვნელოვანესი პლატფორმა, სადაც შემეძლო ჩემი ქვეყანა გამეცნო უამრავი ბიზნეს ლიდერისთვის. შარშან გვქონდა ძალიან კარგი მესიჯი, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა და ეს ახალ შესაძლებლობებს აჩენდა ქვეყნისთვის. წელს, იქიდან გამომდინარე, რაც ხდება ქვეყანაში, გადავწყვიტე, მონაწილეობა არ მიმეღო. რა თქმა უნდა, ვფიქრობ საგანგაშოა, რომ ქვეყანა არაა დაპატიჟებული. ეს არ მხოლოდ ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, არამედ უკვე იმითაა საგანგაშო, რომ ქვეყანას არ ცნობენ, არ უწევენ ლეგიტიმაციას”, – ამბობს ქეთი ბოჭორიშვილი.

კითხვაზე, რას კარგავს ქვეყანა ამ პლატფორმიდან გამოთიშვით, ქეთი ბოჭორიშვილი მათ შორის რეპუტაციულ ზიანზე ამახვილებს ყურადღებას.

„დილას უბრალოდ ყავას სვამ თუ ფეხით მიდიხარ საკონფერენციო დარბაზში, ნებისმიერ მომენტში უამრავ ადამიანს იცნობ. აღარ ვსაუბრობ იმაზე, როდესაც ქვეყნის ლიდერი ხარ და პირდაპირი წვდომა გაქვს ყველა დაპატიჟო შეხვედრაზე და შენი ქვეყანა გააცნო. პირველ რიგში, ვკარგავთ, რომ ვიყოთ ლეგიტიმური გლობალური მოთამაშე ამ პროცესების, მეორე – ვკარგავთ იმას, რომ იქ მოხდება ტენდენციებზე საუბრები, თუ რას უნდა ველოდოთ და აქ უნდა დაიჭირო შესაძლებლობები, შენმა ქვეყანამ რა შეიძლება ბიზნესს შესთავაზოს, სწორედ ამ ყველაფერს ჩამოვრჩებით, მესამე – რეპუტაციულად რა თქმა უნდა ძალიან ცუდია. იქ წარმოდგენილნი არიან ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიც და ძალიან საწყენია, რომ ამ ჩამონათვალში საქართველო არაა. ეს საკმაოდ დიდი რეპუტაციული ზიანია. ამასთან, კერძო სექტორის გარდა იქ არიან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიც, მათთვისაც ეს ძალიან სასიგნალო იქნება, რომ საქართველო მონაწილეობას არ იღებს და ვფიქრობ, პარტნიორობაშიც აუცილებლად აისახება”, – აღნიშნავს ქეთი ბოჭორიშვილი.

მან პერსპექტივებზე და მომავალ წლებში ფორუმის მონაწილეებში საქართველოს დაბრუნებაზე საუბრისას თქვა, რომ პირველ რიგში, ქვეყანამ ლეგიტიმაცია უნდა დაიბრუნოს.

“ლეგიტიმაციის დაბრუნების გარეშე, საქართველოს გაუჭირდება ნებისმიერ საერთაშორისო პლატფორმაზე წარდგეს, როგორც სრულყოფილი წევრი. შესაბამისად, ამის გარეშე საქართველო არც შემდეგ წლებში იქნება მიწვეული. ლეგიტიმაციის დაბრუნებას სჭირდება სანდოობის აღდგენა პირველ რიგში საკუთარ მოსახლეობასთან და უკვე შემდეგ საერთაშორისო პარტნიორებში. ეს ყველაფერი საკმაოდ რთულია და ვფიქრობ, საქართველოს საკმაოდ რთული წლის გავლა მოუწევს. იმედია, მომავალ წელს მაქსიმალურად დიდი დელეგაციით, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორის, წარმოდგენილნი ვიქნებით ამ და სხვა მნიშვნელოვან პლატფორმებზე“,- განაცხადა ქეთი ბოჭორიშვილმა.

ცნობისთვის, ს შემდეგ არსებული ლეგიტიმაციის კრიზისის ფონზე, “ქართულო ოცნების” მთავრობის პრემიერმინისტრი დავოსის 2025 წლის ეკონომიკურ ფორუმზე და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე არ მიიწვიეს.