“სიმართლე გითხრათ, ასე მძიმე მდგომარეობას მაინც არ ველოდი. ვიცოდი, რომ სამუშია შეეცდებოდა ყველანაირად დაეძვრინა თავი და პასუხისმგებლობა არ აეღო და არ ეთქვა კონკრეტულად ვინ გასცა ბრძანება ამ ორი უნივერსიტეტის შეერთების ან როგორ მოხდა, რა კვლევაზე დაყრდნობით, ასეთი რამ მან არ იცის, რა თქმა უნდა. იცის, რომ შედგა სატელეფონო საუბარი, რომ დაურეკეს ჯერ ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, შემდეგ ნახევარ საათში მასაც უთხრეს, რომ ასე ერთიანდებოდა ორი უნივერსიტეტი. მას როგორც ჩანს, არ აქვს კითხვები და თანახმაა, მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა იმიტომ, რომ იურიდიულად ასაბუთებდა და ამბობდა, რომ თურმე სახელმწიფოს ჰქონია რომ ასეთი გაერთიანება მოახდინოს. უნივერსიტეტის ავტონომიაზე არ აქვს პასუხი და პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს თვითონ, როდესაც დაიწყო მთელი ის საუბარი იმით, რომ ამ პრობლემას არ უნდა მივცეთ პოლიტიკური ელფერი…მთელი ეს წარმოდგენა ეძღვნებოდა იმას, რომ რაღაცნაირად სამუშია ცდილობდა ყოფილიყო შუამავალი სამინისტროსა და აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოდან 5-5 ადამიანის, რომლებიც დაუსვამდნენ შემდეგ განათლების მინისტრს კითხვებს…პირადად ჩემგან ითხოვს სამუშია ბოდიში მოვუხადო იმიტომ, რომ თურმე ვაბრალებ აქ რომ გამოატარეს სპეცრაზმი და დაგვარბიეს, თურმე მე ტყუილს ვამბობ…” | ამბობს თსუ-ის აკადემიური საბჭოს შეხვედრიდან გამოსული ლექტორი ქეთევან ხუსკივაძე
აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა თსუ-ში 11 საათიდან მიმდინარეობს. მასზე დასასწრებად სტუდენტებს არ უშვებენ.




