ინტერვიუ ,,საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის” თავმჯდომარესთან ქეთევან ქვარცხავასთან
– რა არის თქვენი ,,საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია” მთავარი მოტივაცია ადვოკატთა არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით?
ჩვენ ადვოკატის პროფესიას ვემსახურებით რამდენიმე ათეული წელია. ჩვენი პროფესიის წინაშე, ისევე როგორც ადამიანის უფლებების მიმართულებით მნიშვნელოვანი გამოწვევები დგას. „სიფა“ არის იურიდიული ფირმების პროფესიული გაერთიანება და ჩვენთვის ადვოკატის როლის გაძლიერება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ასოციაცია, სამწუხაროდ, ვერ პასუხობს, ჩვენი პროფესიის წინაშე მდგარ გამოწვევებს, მის საქმიანობაში ათწლეულზე მეტია ჩართულია ადვოკატთა მცირე ჯგუფი და ადვოკატთა უმეტესობისთვის არც პროფესიული განვითარებისთვის, ან ადვოკატთა უფლებების გაფართოებაზე ზრუნვისთვის ასოციაცია ნაკლებად ზრუნავს. რჩება შთაბეჭდილება, რომ ადვოკატთა ასოციაციამ დაკარგა კავშირი ადვოკატებთან და მხოლოდ ცალკეული, უმნიშვნელო, კოსმეტიკური საკითხების გადაჭრა მიაჩნია მიღწევად და ყურადღების მიღმა რჩებათ ფუნდამენტური საკითხები, რაც ართულებს და ზოგჯერ შეუძლებელს ხდის ადვოკატის ფუნქციის განხორციელებას.
– რა ცვლილებებს აპირებს ,,სიფა“ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში?
პირველ რიგში, ასოციაციის მართვაში ჩავრთავთ ადვოკატთა ყველა ჯგუფს და ყველა ადვოკატს წავახალისებთ და მივცემთ საშუალებას დააფიქსირონ თავიანთი აზრი და მოთხოვნები.
დავასრულებთ მდუმარე მმართველობას, როდესაც საკითხი მართლმსაჯულებას, ადამიანის უფლებებს და ადვოკატის პროფესიას ეხება.
ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ გათანაბრდეს დაცვისა და ბრალდების უფლებები.
ჩვენ დაუყოვნებლივ შევქმნით ახალგაზრდა ადვოკატებისთვის პროფესიული ზრდის და დასაქმების პლატფორმას. გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ დაცული იყოს პროფესიული ეთიკა.
– რატომ არ დააყენეთ თავმჯდომარეობის კანდიდატი?
ჩვენ მიგვაჩნია, რომ ასოციაციის მართვა უნდა ხდებოდეს კოლეგიურად და ამ პროცესში ისმოდეს სხვადასხვა ჯგუფის და თუნდაც ცალკეული ადვოკატის ხმა. ასოციაცია იმართება კოლექტიური მართვის ორგანოს – აღმასრულებელი საბჭოს მიერ და არა ასოციაციის თავმჯდომარის მიერ. კოლეგიური მართვისთვის უფრო სწორია ასოციაციის თავმჯდომარე და აღმასრულებელი საბჭოს უმრავლესობა არ იყოს ერთი და იმავე გუნდის წევრი და არსებობდეს განსხვავებული აზრის დაფიქსირების შესაძლებლობა.
– უკვე არსებობს ასოციაციაში ალიანსის ტიპის მმართველობის გამოცდილება და თქვენ ვისთან გეგმავთ ამ ტიპის თანამშრომლობას?
- ადვოკატთა პროფესიაში მნიშვნელოვანია კომუნიკაცია კოლეგებთან და ადვოკატთა სხვადასხვა ჯგუფთან. ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ კოლეგებთან, რომელთაც აირჩევენ ადვოკატები.
ჩვენი მიზანია სისტემური ტრანსფორმაცია და არა ერთი პიროვნების ძალაუფლებაში მოყვანა. ფოკუსი არის მართვის მოდელზე, არა კონკრეტულ პიროვნებებზე. საჭიროა შევქმნათ გარემო, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება გამჭვირვალედ, პროფესიონალების მიერ, კოლეგიალურად და არა ერთპიროვნულად. მეტიც, ჩვენ ამჟამადაც ვართ კოორდინაციაში ასოციაციის თავმჯდომარეობის ორ კანდიდატთან – ირაკლი ჩომახაშვილთან და მუხრან ღურწკაიასთან არჩევნების სწორად და გამჭვირვალედ ჩატარების პროცესში.




