სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტოს ასამბლეის ზამთრის სესია გაიხსნა, რომელშიც პარტია „მოქალაქეების“ აღმასრულებელი მდივანი და პარლამენტის დეპუტატი ქეთევან თურაზაშვილიც მონაწილეობს.
პარტია „მოქალაქეების“ ინფორმაციით, ევროსაბჭოს საპარლამენტოს ასამბლეა მიმდინარე კვირას ორ რეზოლუციას უყრის კენჭს, სადაც საქართველოც არის მოხსენიებული. მათგან ერთი მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების საკითხებს ეხება. მათივე ცნობით, რეზოლუციაში ნიკა გვარამიას პატიმრობის ამბავი განხილულია, როგორც მედია თავისუფლების შეზღუდვის მაგალითი.
„მიმდინარე სასესიო კვირა საქართველოსთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან ასამბლეამ კენჭი უნდა უყაროს ორ რეზოლუციას, სადაც საქართველოცაა მოხსენიებული. ერთი მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების საკითხებს ეხება, ხოლო მეორე ე.წ. SLAPP-ების საწინააღმდეგო რეზოლუციაა. (strategic lawsuit against public participation სამოქალაქო ჩართულობის წინააღმდეგ სტრატეგიული სარჩელები).
პირველში განხილულია ნიკა გვარამიას პატიმრობისა და შეწყალების ამბავი, როგორც მედია თავისუფლების შეზღუდვის მაგალითი და ასევე ფაქტად არის მოხსენიებული ე.წ. მოსმენების კანონზე, მმართველი გუნდის მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის საკითხი.
სამოქალაქო ჩართულობის წინააღმდეგ სტრატეგიული სარჩელების, ე.წ. SLAPP-ების საწინააღმდეგო რეზოლუციაში აღნიშნულია, მთავარი არხის წინააღმდეგ 11 მერის მიერ შეტანილი იდენტური (დაკოპირებული) საჩივრები.
ორივე რეზოლუცია აღნიშნავს, რომ მედია თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საპარლამენტო ასამბლეის წევრ სახელმწიფოებს ბევრი გამოწვევა აქვთ და მოუწოდებს ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს, შეიმუშაონ მეტი და მეტი მექანიზმები მედია თავისუფლების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე აამაღლოს ცნობიერება ამ საკითხებზე, მათ შორის მედიის წარმომადგენლებს შორისაც.
მიმდინარე ზამთრის სესია იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ საპარლამენტო ასამბლეამ უნდა აირჩიოს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, რომლის მანდატიც გულისხმობს ადამიანის უფლებების დაცვაზე მეთვალყურეობას წევრ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, ამ მიმართულებით საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწაზე რეკომენდაციების გაცემას, ადგილობრივი ომბუდსმენების დახმარებას და ა.შ.
ქეთევან თურაზაშვილს ბოლო ორი სასესიო პერიოდის განმავლობაში, აქტიური შეხვედრები და კომუნიკაცია აქვს ამ თანამდებობაზე წარდგენილ სამივე კანდიდატთან.
საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის შეხვედრების მიზანია, თითოეული კანდიდატის ზუსტი ხედვების და იმის გარკვევა, რამდენად ინფორმირებულნი არიან საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და რამდენად აქტიურები იქნებიან საქართველოსთან მიმართებით.
აღსანიშნავია, რომ მოქმედი კომისარი, რომელსაც ახალი კანდიდატი ჩაანაცვლებს, დუნია მიატოვიჩი აქტიურად იყო და არის ჩართული საქართველოში მიმდინარე ყველა მოვლენასთან დაკავშირებით. იგი არაერთხელ სტუმრობდა ჩვენს ქვეყანას სამუშაო ვიზიტებით.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ადამიანის უფლებათა ახალ კომისარს 6 წლის ვადით აირჩევს”, – აღნიშნულია „მოქალაქეების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.