ქეთევან თურაზაშვილი – ალეკო ელისაშვილი დღეს საპატიმროშია, ის არის „ქართული ოცნების“ პირადი ტყვე! სრულიად შეუსაბამო მუხლით ჩასვეს ციხეში, პროვოკაცია მოუწყვეს

ალეკო ელისაშვილი დღეს საპატიმროშია, ის არის „ქართული ოცნების“ პირადი ტყვე! სრულიად შეუსაბამო მუხლით ჩასვეს ციხეში, პროვოკაცია მოუწყვეს, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ქეთევან თურაზაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს საქართველოში სრულიად საგანგაშო მდგომარეობაა, რადგან ქვეყანაში 500-მდე პოლიტპატიმარია.
„რაც ალეკოს გარშემო მოხდა, ამას დაკავებასაც ვერ ვუწოდებ, რადგან ეს პროცესი იყო აბსოლუტურად გასული სამართლებრივი ჩარჩოებიდან. ეს იყო ბანდის მიერ ადამიანის გატაცება, რასაც მოჰყვა ფიზიკური ძალადობა. სამწუხაროდ სახელმწიფომ ალეკო ელისაშვილზე ფიზიკურად უკვე არაერთხელ იძალადა.
ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ მარტის აქციების პერიოდი, როდესაც მას კომიტეტის სხდომის დროს დაახლოებით ათი-თხუთმეტი კაცი გაუსწორდა. შემდეგ, 17 აპრილს, აქციაზე პოლიციამ მოუწყო კორიდორი და სასტიკად გაუსწორდნენ ფიზიკურად, ნეკნი ჰქონდა გატეხილი და სახეზეც მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა. მაშინ საპარლამენტო იმუნიტეტმა ვერ დაიცვა პარლამენტის დეპუტატი. ივანიშვილის დაპირებული მშვიდობის ნაცვლად მივიღეთ ქაოსი, ძალადობა, საზოგადოების გახლეჩა. სასამართლოებში ასამართლებენ და ჯარიმებს უწესებენ ძალიან ჯანსაღ, თავისუფალ, ნიჭიერ ახალგაზრდებს. ამის ფონზე კი აქციის მონაწილეებზე მოძალადე არცერთი პირი არ არის დასჯილი, არცერთი მოძალადის მიმართ საქმე არ არის აღძრული. ქვეყანაში არის კრიზისული ვითარება, რის განსამუხტადაც აუცილებელია ახალი ს დანიშვნა და ყველა პატიმრის გათავისუფლება. სანამ ჯერ კიდევ შესაძლებელია სიტუაციის შემობრუნება, სახელმწიფომ უარი უნდა თქვას ძალადობაზე, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები და დანიშნოს ახალა არჩევნები!“- განაცხადა ქეთევან თურაზაშვილმა.
ცნობისთვის, შს სამინისტროს თანამშრომლებმა პოლიტიკური გაერთიანება “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი 4 დეკემბერს დააკავეს. ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამასთან, დღეს საქართველოს პროკურატურამ სასამართლოს ალეკო ელისაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლის მოთხოვნით მიმართა. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურაში დაუდასტურეს. არსებული ინფორმაციით, პროკურატურა ელისაშვილთან მიმართებით პატიმრობის ნაცვლად გირაოს გამოყენებას ითხოვს. პროცესი სასამართლოში დღეს გაიმართება.