ქეთევან ბაკარაძე უმრავლესობის დეპუტატებს – მინიმალური ხელფასის დაწესება ერთ-ერთი აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური ნაბიჯია – ამბობთ, რომ ზრუნავთ ადამიანებზე? მაშინ მხარი დაუჭირეთ ამ ინიციატივას

სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მინიმალური ხელფასის სტანდარტის დადგენა! ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია! – ამის შესახებ განცხადება პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ქეთევან ბაკარაძემ პლენარულ სხდომაზე გააკეთა.
მან საქართველოში შექმნილ სოციალურ-ეკონომიკურ ფონზე ისაუბრა, მას „მძიმე“ უწოდა და აღნიშნა, რომ ამას სოციალური შემწეობის მიმღებთა გაზრდილი სტატისტიკა ადასტურებს.
„სრულ განაკვეთზე დასაქმებულ მოქალაქეთა საკმაოდ დიდი რაოდენობის შრომის ანაზღაურება კი იმდენად დაბალია, რომ ცხოვრებისთვის საჭირო საბაზისო მოთხოვნებსაც კი ვერ უზრუნველყოფს.
თავად კონსტიტუცია ამბობს, რომ ადამიანს აქვს ღირსეული შრომის უფლება; როგორ შეგვიძლია დავარქვათ შრომას ღირსეული, როცა საქართველოში 280 000-მდე ადამიანი 900 ლარზე ნაკლებს იღებს ანაზღაურების სახით, აქედან დაახლოებით 170 000, 500 ლარზე ნაკლებს. ეს რეალობაა.
ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარეა სუპერმარკეტების ქსელებში დასაქმებული სტუდენტების საკითხი, რომლებიც სწავლის საფასურის დასაფარად იძულებულნი არიან დათანხმდნენ ურთულეს პირობებს და ხშირად ღამის ცვლაშიც იმუშაონ.
მომსახურების სფეროში დასაქმებულების, შრომითი უფლებები ხშირად იმდენად უხეშადაა დარღვეული, რომ ეს შრომით ექსპლუატაციას უფრო ჰგავს”, – განაცხადა ქეთევან ბაკარაძემ.
დეპუტატის თქმით, ასევე უმძიმესი გამოწვევაა ჯანდაცვის სისტემაში.
„იცით, რამდენმა მედპერსონალმა დატოვა ქვეყანა? დღეს საშუალო მედპერსონალი, ექთნების მწვავე დეფიციტია უკვე და მიზეზი სამარცხვინოდ დაბალი ანაზღაურებაა.
საბანკო სექტორში დასაქმებულები? მაშინ როდესაც ფინანსური ინსტიტუტების მოგება 100-ით მილიონია, დასაქმებულების კი კრიტიკულად დაბალი და ცინიკური.
უსაზღვროდ შეიძლება მძიმე მაგალითებზე საუბარი.
თვალი უნდა გავუსწოროთ სიმართლეს – სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მინიმალური ხელფასის სტანდარტის დადგენა! ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია!
ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ მოამზადა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი შრომის კოდექსსა და საჯარო დაწესებულებებში შრომის ანაზღაურების შესახებ კანონში, სადაც მინიმალურ შრომით ანაზღაურებად განისაზღვრა 1000-დან 1100 ლარამდეა.
ცვლილების მიზანია სოციალური თანასწორობისა და ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფა. მინიმალური ხელფასის დანერგვა მიზნად ისახავს სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების ხელშეწყობას, ფინანსური რისკებისგან დაცულობას.
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ეკონომიკა ფორმალურად იზრდება და მაკროეკონომიკური მაჩვენებლები პოზიტიურია, მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ ზრდის რეალურ სარგებელს ვერ გრძნობს. სოციალური უთანასწორობა, დაბალი ანაზღაურება და ფასების ზრდა მოქალაქეთა მნიშვნელოვან ნაწილს სიღარიბის ზღვარზე ტოვებს. ბევრი მოქალაქე მუშაობს დაბალანაზღაურებად სექტორებში, სადაც ხელფასი არ შეესაბამება ცხოვრების რეალურ ხარჯებს და ვერ აკმაყოფილებს მოსახლეობის დიდი ნაწილის საბაზისო საჭიროებებს – კვება, საცხოვრებელი, და განათლება რჩება ფინანსურად რთულად ხელმისაწვდომი.
ამ რეალობაში მინიმალური ხელფასის დაწესება ერთ-ერთი აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური ნაბიჯია. ის ხელს შეუწყობს შრომის ბაზარზე ღირსეული პირობების შექმნას, გააძლიერებს სოციალური დაცვის სისტემას და შეამცირებს სიღარიბეს.
და რაც მთავარია, ადამიანის შრომითი უფლებების დაცვის უფრო მეტ ბერკეტს გააჩენს, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ისეთ უსამართლო გარემოში, როგორშიც დღეს ჩვენი მოქალაქეები იმყოფებიან.
ამბობთ, რომ ზრუნავთ ადამიანებზე? მაშინ მხარი დაუჭირეთ ამ ინიციატივას“, – მიმართა ქეთევან ბაკარაძემ უმრავლესობის წევრებს.