ვრცელდება ინფორმაცია თბილისისა და ბათუმის ათობით სკოლაში პარაზიტული ინფექციის, მუნის გავრცელების შესახებ – განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებმა დაუყოვნებლივ მოამზადონ ერთიანი სამოქმედო გეგმა ინფექციის კიდევ უფრო მეტად გავრცელების რეალური პრევენციისთვის და არა პოლიტიკის განმსაზღვრელი პირების ფორმალური განცხადებებისთვის,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატი, ქეთევან ბაკარაძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ქეთევან ბაკარაძე აღნიშნავს, ინფექციის ასე მასშტაბურად გავრცელება მიუთითებს სისტემურ გამოწვევებზე, როდესაც მოშლილია პრევენციული, დამდგარ შემთხვევაზე სათანადო რეაგირების მექანიზმები.
„სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია თბილისისა და ბათუმის ათობით სკოლაში პარაზიტული ინფექციის, მუნის გავრცელების შესახებ!
პარადოქსული ის ფაქტია, რომ ინფორმაციას მშობლები გვამცნობენ, და არა ის უწყებები, ვინც ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეებში მოზარდების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე უნდა იყვნენ პასუხისმგებელნი, ვინც ვალდებულია მსგავსი ტიპის შეტყობინება, გაფრთხილება, მისი თავიდან არიდების ინსტრუქცია თავად დააორგანიზოს და მიაწოდოს თითოეულ მოსწავლეს, თუ აღსაზრდელს.
ინფექციის ასე მასშტაბურად გავრცელება მიუთითებს სისტემურ გამოწვევებზე, როდესაც მოშლილია პრევენციული, დამდგარ შემთხვევაზე სათანადო რეაგირების მექანიზმები. ამ შემთხვევაში საუბარია განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროს პასუხისმგებლობასა და ნიჰილიზმზე.
რატომ არის სანიტარული ნორმების სტანდარტები ასე უხეშად დარღვეული სკოლებსა და ბაღებში?!
რატომ არ ჩატარდა პრევენციული მონიტორინგი და ასეთი მასშტაბები მიიღო პარაზიტულმა ინფექციამ?!
რატომ არ არსებობს ერთიანი პროტოკოლი, რომელიც დაავალდებულებს სკოლებისა და ბაღების ადმინისტრაციას დროულად აცნობონ მშობლებს მოსწავლის პოტენციური ინფიცირების შესახებ?
რატომ იგებს ფართო საზოგადოება მსგავს ინფორმაციას მშობლების რესურსებით, მაშინ როდესაც ეს სახელმწიფო სტრუქტურების მანდატს წარმოადგენს?
განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებმა დაუყოვნებლივ მოამზადონ ერთიანი სამოქმედო გეგმა ინფექციის კიდევ უფრო მეტად გავრცელების რეალური პრევენციისთვის და არა პოლიტიკის განმსაზღვრელი პირების ფორმალური განცხადებებისთვის.
ამ ფაქტმა ცხადყო, რომ სერიოზულად გადახედვასა და ფუნდამენტურ ცვლილებებს საჭიროებს მოზარდთა ჯანმრთელობისა(როგორც ფიზიკური, ისე მენტალური) და უსაფრთხოების სტანდარტები, ნორმები და პოლიტიკა, ერთმნიშვნელოვნად.
ბავშვების ჯანმრთელობაზე დუმილი დანაშაულია განსაკუთრებით მაშინ, როცა სახელმწიფო ინფორმირებულია და არ მოქმედებს”, – წერს ქეთევან ბაკარაძე.




