საფეხბურთო მენეჯერმა ვიაჩესლავ ზახოვაილომ საკუთარი აზრი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, თუ რის ხარჯზე სძლია ერთა ლიგის მესამე ტურში უკრაინის ნაკრებმა საქართველოს ეროვნულ გუნდს და უნდა ითქვას, საკმაოდ საინტერესო დეტალზე გაამახვილა ყურადღება.
“საქართველოს ნაკრების მოთამაშეების მიმართ დიდ პატივისცემას გამოვხატავ. შესანიშნავია კვარაცხელია, გიორგი მამარდაშვილი კი ჩემი აზრით, ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა. საქართველოს ნაკრები აღმავლობის გზაზეა. უკრაინა შეხვედრას პრობლემებით შეხვდა – ჟურნალისტების და საზოგადოების ძლიერი და დამსახურებული კრიტიკით, გუნდის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელების ტრავმებით. რებროვი იძულებული იყო უკრაინის პრემიერლიგის მოთამაშეები გამოეძახებინა. ამ ნიუანსებით მოველოდი
დაპირისპირებას.
და უშუალოდ თამაშზე. რაც უცბად მოგხვდა თვალში, ეს გაზონის საშინელი მდგომრეობა იყო. ქაცვები უკეთ უკრაინელებმა შეარჩიეს. უნდა ვაღიაროთ, ამან საბოლოო შედეგზე გავლენა იქონია. ბანალურია??? თამაშში წვრილმანები არ არსებობს. გოლის მომენტში ამ ფაქტორმა ქართველი ფეხბურთელის ფეხის დაცდენაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.
რებროვმა თამაშის ორგანიზაციაში ცვლილებები შეიტანა. უარი თქვა “ბილდ-აპზე” (ბურთის კარის წინ გათამაშებაზე) და საჯარიმოდან ბურთის მეკარის მიერ მამაპაპურად დარტყმას მიანიჭა უპირატესობა. დარწმუნებული ვარ, ტაქტიკურ ცვლილებებზე გავლენა ახალწვეულთა რაოდენობამ და ურთიერთმოქმედებისას შეუთამაშებლობის შიშმა მოახდინა.
ბურთის მოძრაობისას არ იყო ინტენსივობა. თამაში არ მომეწონა, მომეწონა შედეგი. საყრდენ ზონაში რებროვმა გამოიცნო კალიუჟნის მიწვევა. მას აქვს საშიში გარეგნობა, ფიზიკური და ბიომეტრიული მონაცემები. თუ მოკლედ, ორთოდოქსულმა ტერმინატორმა იმედები არ გაგვიცრუა. შესანიშნავი დებიუტი ჰქონდა, თავის ზონაში წესრიგი დაამყარა.
მუდრიკმა კრიტიკოსები დაადუმა. გატანილი გოლისას ოსტატობა გამოავლინა, მოწინააღმდეგის დაცვისათვის ყველაზე სახიფათო იყო. ქართველთა ღია თამაშმა ჩვენ სივრცე გვაჩუქა. ყველას გილოცავთ გამარჯვებას! დიდება უკრაინას!” – წერს ზახოვაილო თავის “ფეისბუქის” გვერდზე.
უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, უკრაინელებმა სწორად შეარჩიეს ქაცვები ( ე.წ. შიპები), ხოლო ქართველებს საერთოდ არ შეურჩევიათ… არადა, დარწმუნებული ვარ, ფედერაციაში აუცილებლად იქნება ვიღაც (ვიღაცეები), ვინც ამაში გვარიან გასამრჯელოს იღებს… შედეგად, ჩვენი ბიჭები რიგ-რიგობით ეცემოდნენ, მხოლოდ ქოჩორას 4-ჯერ დაუცდა ფეხი პირველ ტაიმში, კიტეიშვილმა სწორ ადგილზე კინაღამ ფეხი მოიტეხა, მამარდაშვილი გოლის დროს უბრალოდ ვერ გადახტა, კარში დარტყმა ვინც გადაწყვიტა, ყველამ პოზნანელი ყვავები გააფრთხო და რომელი ერთი ჩამოვთვალო… ხოლო უკრაინელთაგან ერთადერთხელ სუდაკოვს 83-ე წუთზეღა დაუცდა ფეხი, რადგან ყველაზე მეტს დარბოდა და ცოტათი შენგელიც “წაეხმარა”… ცალკე თემაა, რამდენად იყო უკრაინელების ბრალი მინდვრის საფარის ასეთი მდგომარეობა. მგონი, ყველა დამეთანხმება, რომ ის წყალდიდობები, მთელ ევროპას რომ გადაუარა, უკრაინელების შეკვეთილი ვერ იქნებოდა. მათ უბრალოდ იცოდნენ, როგორ პირობებში მოუწევდათ თამაში, სავარაუდოდ, არანაირი ღონისძიება არ მიიღეს მინდვრის საფარის დასაშრობად ( გიჟები ხომ არ არიან, თუ მაინცდამაინც, ეს ჩვენებს უნდა მოეთხოვათ) და სწორედ იმ პირობებისთვის მოემზადნენ ვარჯიშითაც, ეკიპირებითაც და ყველანაირადაც… რათქმაუნდა, ჩვენ ეს ყველაფერი, მინიმუმ, არასპორტულად მიგვაჩნია, თუმცა თუ უკეთ დავფიქრდებით, სპორტის ენაზე ამას საკუთარი მოედნის უპირატესობის გამოყენება ჰქვია და სანამ შემეკამათებით, ცოტაც გამიძელით: ამ ორი დღის წინ იყო ბოლივია-კოლუმბია, ყველამ ვიცით, რომ მთელი სამხრეთ ამერიკა უჩივის ლა-პასის 4 ათას მეტრზე ატყორცნილ სტადიონს, სადაც ბოლივიელთა გარდა ყველას უჭირს სუნთქვა… ჰოდა მაგ ბოლივიელებმა ყველა და ყველაფერი დაიკიდეს (ნუ, ძალიან სჭირდებოდათ მოგება) და კიდევ ათასი მეტრით მაღლა მდებარე სტადიონზე უმასპინძლეს კოლუმბიას, – შედეგად, დაამარცხეს თავისზე ბევრად ძლიერი, ბოლო 2,5 წლის განმავლობაში დაუმარცხებელი გუნდი და თანაც მე-20 წუთიდან უმცირესობაში იყვნენ… კოლუმბიელები რას იზამდნენ, ჟანგბადის ბალონებით ვერ გავიდოდნენ სათამაშოდ, მაგრამ ჩვენ კი ნამდვილად შეგვეძლო ისეთი ‘ წვრილმანის” გათვალისწინება, როგორიც ქაცვებია, მითუმეტეს, რომ თანამედროვე ფეხბურთში წვრილმანები, დიდიხანია, აღარ არსებობს და თუ ბობოლებში გარევა გვინდა ( რავი, მგონი კი გვინდა), ასეთ “წვრილმანებს” ისევე უნდა მივუდგეთ, როგორც ბობოლები უდგებიან… ეგ ბობოლები კი გასვლით თამაშებზე ერთი თვითმფრინავი სტაფით ჩადიან თავის მზარეულ-დამლაგებლიანად და ქაცვების იმხელა არსენალი აქვთ მარაგში, ბოლივიელ ალპინისტებსაც რომ არ დაესიზმრებათ…