ქაშვეთის კარი საპროტესტო აქციების დროს დაიკეტება

ქაშვეთის კარი საპროტესტო აქციების მსვლელობისას „ექსცესების თავიდან აცილების“ მიზნით დაიკეტება.
ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
საქართველოს საპატრიარქო აცხადებს, რომ 10 მაისს, ქაშვეთის ტაძარში მომხდარი „ინციდენტის“ გამო, ტაძრის კარს საპროტესტო აქციების დროს, ღამით, ღიას აღარ დატოვებენ.
„10 მაისს ქვაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მოხდა სამწუხარო ინციდენტი. აქედან გამომდინარე, შემდგომი შესაძლო ექსცესების თავიდან ასაცილებლად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რათა ტაძარი დაიკეტოს ჩვეულ დროს. აქვე აღვნიშნავთ, რომ ამ დრომდე ტაძარი ამა თუ იმ საპროტესტო აქციების დასრულებამდე (ხშირად დილის სამ, ოთხ საათამდე) ღია იყო“, – წერს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.
დეკანოზი დავით დელიბაშვილი საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებას“ ეუბნება, რომ 10 მაისს, წირვის დაწყებამდე, სამმა ახალგაზრდამ საკურთხეველში შესვლა მოითხოვა, უარის მიღების შემდეგ კი იქ მყოფ ადამიანებს, მათ შორის, სასულიერო პირებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს:
„საღვთო ლიტურგიის დაწყებამდე ტაძარში ვიყავით მე, მწირველი მღვდელი, პროტოდიაკონი და მედავითნე. სამზადისში ვიყავით წირვის დაწყებისთვის, როცა სამი ახალგაზრდა შემოვიდა და პირველი, რაც გავიგე, ხმაური და უპატივცემლო მოქმედობა იყო. ხმაურით შემოვიდნენ, ნასვამები იყვნენ, როგორც ეტყობოდათ. მათი მხრიდან იყო შეურაცხყოფა, შემდეგ ხმაურზე მეც გამოვედი, ვთხოვე, რომ გარეთ გამოსულიყვნენ. გამომყვნენ გარეთ, მაგრამ კიდევ გაღრმავდა ინციდენტი და მათი მხრიდან დაიწყო პროვოკაციული მოქმედება და მუქარები. გვემუქრებოდნენ, სულ რამდენიმე დღე დაგვაცადეთ და თქვენ გიჩვენებთო. შემდეგ წესრიგისკენ მოვუწოდე… რა წესები, ჩვენ წესებს არ ვემორჩილებითო“.
„აგენტების კანონის“ წინააღმდეგ მიმდინარე აქციების დაშლის დროს, აქციის მონაწილეები, მათ შორის, დაშავებულები, ქაშვეთის ეკლესიას აფარებდნენ თავს.
11 მაისს თბილისში ევროპის მარში იმართება. მოქალაქეები საღამოს 7 საათიდან რამდენიმე ადგილას, რესპუბლიკის მოედანზე, მარჯანიშვილის მოედანზე, მეტრო 300 არაგველთან და „ექსპო ჯორჯიასთან“ შეიკრიბებიან და მსვლელობით გაემართებიან ევროპის მოედნისკენ.
„კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“ – ეს არის ევროპის მარშის მთავარი გზავნილი.
თითქმის ერთი თვეა, საქართველოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, მათ შორის, რამდენჯერმე გაიმართა მრავალათასიანი საპროტესტო აქცია-მსვლელობა.
საპროტესტო აქციები რამდენჯერმე დაშალეს სამართალდამცავებმა. დაშლის დროს გამოყენებული იყო ე.წ. წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი. ინფორმაციას არ ადასტურებს , თუმცა, აქციის მონაწილეები ირწმუნებიან, რომ ერთ-ერთი აქციის დაშლის დროს სამართალდამცავებმა გამოიყენეს რეზინის ტყვიებიც. სავარაუდოდ, რეზინის ტყვიებით მიღებული დაზიანებები მათ სხეულზე აღენიშნებოდათ. სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით მიიღო დაზიანება წარბის არეში აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, რომლის ჰოსპიტალიზაციაც გახდა საჭირო.
3 აპრილს, „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ხელახალ ინიციირებას საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, მიუხედავად ხალხმრავალი აქციებისა, პირველ მაისს მეორე მოსმენით მიიღო კანონი. მესამე მოსმენა 13 მაისის კვირას არის დაგეგმილი.
კანონპროექტის მიხედვით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირება მოუწევთ იმ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას. გასულ წელს ინიციირებული კანონპროექტით, მათი აგენტებად რეგისტრაცია იყო გათვალისწინებული. ერთი წლის შემდეგ ხელახლა წარდგენილ კანონპროექტში საპარლამენტო უმრავლესობამ მხოლოდ ორგანიზაციების სარეგისტრაციო სიის სახელდება შეცვალა.
ამ ერთი თვის განმავლობაში, საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს.
პარალელურად, ბოლო დღეებია, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებს, ჯერჯერობით დაუდგენელი პირები ფიზიკურად უსწორდებიან.
გარდა ძალადობის ფაქტებისა, თბილისში, ღამის საათებში, არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების კედლებზე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან, პოლიტიკური პარტიების ოფისების კარებზე და ჟურნალისტების საცხოვრებელ კორპუსებთან ჩნდება წარწერები და პოსტერები.
სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ბოლო დღეებში განხორციელებული სატელეფონო და მასთან ერთად, რეალურ სივრცეში განხორციელებული ძალადობის ინიციატორი მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“.