დღეიდან, პირველი ივლისიდან იურიდიული ძალა დაეკარგა 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემულ, ქაღალდის (ლამინირებულ) პირადობის მოწმობებს.
ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საკმაოდ მაღალია ე.წ. ქაღალდის პირადობის მქონე მოქალაქეების რაოდენობა, რომელთაც თავიანთი მოწმობები ID ბარათებით არ შეცვალეს.
აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მომდევნო ერთი თვის განმავლობაში არ დაბრკოლდება პენსიების და სხვა სოციალური შემწეობის მიღება-გაცემა ძველი პირადობის მოწმობის მფლობელთათვის. თუმცა სარჯველაძემ დასძინა, რომ ეს არ ნიშნავს ქაღალდის პირადობის მოწმობებისთვის მოქმედების ვადის გაგრძელებას.
„ეს წესი დროებითია და ის უსაზღვროდ ვერ გაგრძელდება. ამიტომ, იმისთვის, რათა ქაღალდის პირადობის მქონე მოქალაქეები არ დარჩნენ მომავალში პენსიის ან სხვა სოციალური გასაცემელის გარეშე, მინდა, მათ მოვუწოდო, რომ მიმართონ იუსტიციის სახლებს და აიღონ თანამედროვე პირადობის მოწმობა. სახელმწიფო კვლავაც მაქსიმალურად ხელს შეუწყობს იმ ადამიანებს, ვინც მოითხოვს პირადობის მოწმობის გამოცვლას“, — განაცხადა სარჯველაძემ.
ამ თემაზე:
1 ივლისიდან უქმდება 2011 წლამდე გაცემული ლამინირებული პირადობები