,,მარცვლის მწარმოებელთა ასოციაციის” თავმჯდომარე ნიკოლოზ ბენიაიძე ,,კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ხორბლის ჩაბარების ფასი ძალიან დაბალია. რის გამოც ფერმერები ქარხან-კომბინატებში ჩაბარებას არ ჩქარობენ. მათ მოსავალი დაასაწყობეს და ხორბალს ფასის გაზრდის შემდეგ გაყიდიან.
,,ახლა საუბარია 65 თეთრამდე მაქსიმუმ. იბარებენ 63-65 თეთრად. ეს არის თვითღირებულება. ამ ფასად თუ ჩააბარეს ფერმერებმა აზრი არ აქვს.“- აცხადებს ნიკოლოზ ბენიაიძე.
,,მარცვლის მწარმოებელთა ასოციაციის” თავმჯდომარე ფასის მატებას 15 აგვისტოს შემდეგ ელოდება. ნიკოლოზ ბენიაიძე განმარტავს, რომ რუსეთში ხორბლის აღების პროცესი სავარაუდოდ 15 აგვისტოს დასრულდება, რის შემდეგადაც ჩაბარების ფასის მატებაა მოსალოდნელი.
,,რუსეთიდან აქტიურად შემოდის ხორბალი. იქაც მიდის მოსავლის აღება. დაახლოებით 15 აგვისტოსთვის რუსეთშიც დასაწყობდება მოსავალი. დასაწყობებულს ფასი ემატება ხოლმე. 15 აგვისტოს შემდეგ შეგვიძლია ვივარაუდოთ ფასის წამოწევა. თუ არ წამოიწია ფასმა, მერე ალბათ რამეს მოიფიქრებს მთავრობა.“- აცხადებს ,,მარცვლის მწარმოებელთა ასოციაციის” თავმჯდომარე.
ნიკოლოზ ბენიაიძე განმარტავს, რომ ფერმერებისთვის მისაღები ჩასაბარებელი ფასი კილოგრამ ხორბალზე 80 თეთრია.
,,80 თეთრის ფარგლებში რომ დარეგულირდეს ეს იქნება მისაღები ფასი. რაღაც 5-10 თეთრი რომ დარჩეს ფერმერს. ეს არის საშუალო სტატისტიკა რომ დავთვალოთ.“- აცხადებს ის ,,კომერსანტთან“ საუბარში.
მიღებული მოსავლის ზუსტი ოდენობა ჯერ უცნობია, თუმცა ,,მარცვლის მწარმოებელთა ასოციაციის” თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ფერმერებმა წელს დაახლოებით 180 ათასიდან -200 ათასამდე ტონა ხორბალი მოიყვანეს. რაც შეეხება სასურსათო და საფურაჟე რაოდენობას, ნიკოლოზ ბენიაიძე ამბობს, რომ მათი წილი მოსავალში ჯერ უცნობია, რადგან ფერმერებს ანალიზები არ ჩაუტარებიათ. ამის მიზეზი კი ხორბლის ჩაბარების დაბალი ფასია. მოსავლის ჩაბარებას მას შემდეგ დაიწყებენ, რაც ფასი აიწევს.
,,ოდნავ მეტი ნალექი მოვიდა, მაგრამ ამას პრობლემები არ შეუქმნია. ხარისხიც ჩვეულებრივია, როგორც სასურსათო, ასევე საფურაჟე ხორბლის. კარგი მოსავალია. რაოდენობა ცოტა მეტია შარშანდელთან შედარებით და სხვა წლებთან შედარებითაც. ეს ზუსტად კარგი ამინდის დამსახურებაა. რაც შეეხება სასურსათო და საფურაჟე ხორბლის მოცულობას – შეიძლება რაღაც პროცენტული განსხვავება იყოს წინა წლებთან შედარებით. თუმცა ჯერ არ ვიცით. ფასი არის დაბალი, ამიტომ ფერმერები მოსავლის აღების პროცესში, როცა არ ყიდიან და ინახავენ მოსავალს, არ ჩქარობენ და ანალიზებსაც ჯერჯერობით არ აკეთებენ. ანალიზების გაკეთებაზე გაყიდვამდე არ იწუხებენ თავს. ამიტომ ვერ ვიტყვით რამდენია საფურაჟე და რამდენია სასურსათო. ფასი არის ძალიან დაბალი და ველოდებით ფასის წამოწევას.“- აცხადებს ნიკოლოზ ბენიაიძე.
