საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტია ეხმაურება ქართული ოცნების მცდელობას, მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებების გზით მედიის შეზღუდვისა და ცენზურის დაწესებისკენ და აღნიშნავს, რომ ეს ნაბიჯი დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიის წინააღმდეგაა მიმართული.
ქარტიის თქმით, ქართულ ოცნებას არ სურს მედიაგარემოს გაჯანსაღება და საზოგადოებისათვის უფრო ხარისხიანი მედიაპროდუქტის მიწოდება.
ქარტია მოუწოდებს ქართულ ოცნებას, რომ შემოთავაზებული ცვლილებები გაიწვიოს და რეპრესიული მექანიზმების შემოღების ნაცვლად, თვითრეგულირების მექანიზმების გაძლიერებასა და ხელშეწყობაზე იზრუნოს.
“საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია არ იზიარებს მოსაზრებას, რომ საქართველოში მედიის მომხმარებლებს ამჟამად არ აქვთ შესაძლებლობა, თავიანთი ინტერესი თვითრეგულირების ორგანოში დაიცვან.
ქართული ოცნების მიერ დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ფართო ფრონტით წარმოებული შეტევის ფონზე, ქარტიას ეჭვი ეპარება ქართული ოცნების ლიდერების განზრახვის კეთილსინდისიერებაში და მიიჩნევს, რომ ამ ცვლილებებს ქართული ოცნება აინიცირებს დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიისთვის სამოქმედო არეალის კიდევ უფრო შესაზღუდად, სამუშაო პირობების გასაუარესებლად, კრიტიკული ხმების ჩასახშობად და მედიის დასამორჩილებლად.
შემოთავაზებული ცვლილებები კიდევ უფრო მიუწვდომელს ხდის ჟურნალისტებისთვის თანამდებობის პირებსა და საჯარო მოხელეებს და ართულებს მათგან კომენტარის მოპოვებას. საჯარო ინფორმაციაზე წვდომისა და საჯარო პირებთან კომუნიკაციის ნაკლებობა ზრდის ჟურნალისტების მხრიდან შეცდომების დაშვების საფრთხეს, რომლებსაც ინფორმაციის მოსაპოვებლად ალტერნატიული წყაროების გამოყენება მოუწევთ.
ყოველივე ზემოთქმული ქარტიისთვის ნათელს ხდის, რომ ქართულ ოცნებას არ ამოძრავებს მედიაგარემოს გაჯანსაღებისა და საზოგადოებისათვის უფრო ხარისხიანი მედიაპროდუქტის მიწოდების ინტერესი. შესაბამისად, ქარტია ქართულ ოცნებას მოუწოდებს, შემოთავაზებული ცვლილებები გაიწვიოს და რეპრესიული მექანიზმების შემოღების ნაცვლად, თვითრეგულირების მექანიზმების გაძლიერებასა და ხელშეწყობაზე იზრუნოს,- წერია განცხადებაში.
