ქარტია იუსტიციის საბჭოს: დროულად შეიმუშავეთ სასამართლო პროცესების გაშუქების პროცედურები

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმიანება საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში „ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებულ ცვლილებებს, რომლებიც სასამართლო სხდომების გაშუქებას ზღუდავს.
ქარტია მოუწოდებს იუსტიციის საბჭოს, დაუყოვნებლივ შეიმუშაოს სხდომების გადაღებაზე ნებართვის გაცემის მარტივი და ნათელი პროცედურები, რაც მედიას შესაძლებლობას მისცემს, ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე, სხდომის დაწყებამდე, სწრაფად მიიღოს პასუხი განცხადებებზე.
გარდა ამისა, ქარტია მოუწოდებს საერთო სასამართლოებსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს, იზრუნონ სხდომების ჩაწერაზე და ეს ჩანაწერები დროულად და გამოსადეგ ფორმატში მიაწოდონ მედიას.
“30 ივნისს, სინდისის პატიმრების პროცესის, ს პროცესის და სხვა პროცესების გასაშუქებლად თბილისის საქალაქო სასამართლოში მისული ჟურნალისტები სასამართლოს მანდატურებმა ეზოს შესასვლელთან შეაჩერეს და აპარატურა დაატოვებინეს. წინა დღეებში მათი რედაქტორები უშედეგოდ ცდილობდნენ დაედგინათ, თუ რა უნდა გაეკეთებინათ პროცესების გადასაღებად ნებართვის მისაღებად ან იქნებოდა თუ არა მედიებისთვის ხელმისაწვდომი, ალტერნატივის სახით, თავად სასამართლოს მიერ გაკეთებული ჩანაწერები. სასამართლო სისტემა სრულიად მოუმზადებელი დახვდა საკანონმდებლო ცვლილებებს და მედიისთვის შესაბამისი წესების შემუშავებაზე და ახალი რეგულაციების შესახებ მათ ინფორმირებაზე წინასწარ არ იზრუნა.
გასულ კვირას „ქართულმა ოცნებამ“ დაჩქარებული წესით მიიღო ცვლილებები საერთო სასამართლოების შესახებ კანონში, რითაც ფაქტობრივად სასამართლოს მთელ ტერიტორიაზე – სხდომის დარბაზებში, სასამართლოს შენობაში და სასამართლოს ეზოში – აკრძალა ფოტო, კინო და ვიდეოგადაღება, აუდიოჩაწერა და ტრანსლაცია.
საკანონმდებლო ცვლილებებმა მედია სექტორში დიდი დაბნეულობა გამოიწვია. ჟურნალისტებს ბევრი კითხვა ჰქონდათ პროცედურებთან დაკავშირებით, იუსტიციის საბჭო კი, რომელსაც გადაღებაზე ნებართვების გაცემა დაევალა, დღეს მთელი დღის განმავლობაში დუმდა. თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებს უთხრეს, რომ მსგავს საკითხზე გადაწყვეტილების მიღება უკვე მათ კომპეტენციას სცილდებოდა”, – წერია ქარტიის განცხადებაში.
გარდა ამისა, განცხადებაში აღნიშნულია, რომ იმ დროს, როცა ქვეყანაში მრავალი იმგვარი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომელთა მიმართაც საზოგადოებრივი ინტერესი განსაკუთრებულად მაღალია, სასამართლო სისტემა ვალდებულია, ყველაფერი გააკეთოს პროცესების საჯაროობის უზრუნველსაყოფად.
“ნაჩქარევად მიღებული ცვლილებები სამართლიანი სასამართლოს უფლებას ეწინააღმდეგება და სასამართლოების დამოუკიდებლობის ხარისხს ამცირებს, ხოლო დემონსტრაციული უყურადღებობა მოქალაქეებისა და მედიის საჭირობის მიმართ მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს”, – აღნიშნულია ქარტიის განცხადებაში.