ქარიშხალმა ალავერდის შიდა და გარე სამონასტრო ინფრასტრუქტურის ნაწილი დააზიანა

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის განცხადებით, 25 ივნისს ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა ალავერდის როგორც შიდა, ასევე, გარე სამონასტრო ინფრასტრუქტურის ნაწილი.
ადმინისტრაციის განცხადებით, ქარიშხლის შემდეგ მყისიერად მოხდა ყველა შესაბამისი სამსახურის მობილიზება და დაიწყო ზარალის ოდენობის აღწერა, შემდგომი რეაგირების მიზნით.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ალავერდის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე შექმნილ ვითარებას გაეცნენ მათი წარმომადგენლებიც.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, ამჟამად მიმდინარეობს დაზიანებათა სიმძიმის განსაზღვრა და უახლოეს დღეებში ადგილობრივ ეპარქიასა და მის მმართველ აბბა ალავერდელ მიტროპოლიტ დავითთან ერთად დაიგეგმება ტაძრის დაზიანებების აღმოსაფხვრელი ღონისძიებები.
„სტიქიის შედეგად გადახდილია გუმბათის თუნუქის საფარი, ტაძრის სამხრეთ კალთაზე დაზიანებულია ლორფინის სახურავი, ჩამსხვრეულია ტაძრის დასავლეთი მხარის და გუმბათის სარკმლები, დაზიანებულია სამრეკლოს თუნუქის სახურავი და საეპისკოპოსო სასახლის კრამიტის სახურავი, ჩამოშლილია სასახლის აივანი, ტაძრის გუმბათიდან ჩამოვარდნილია ჯვარი და დაზიანებულია მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურა“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ