ქარიშხალი ჩადგა, მაგრამ ფლორიდაში 16 ადამიანი დაიღუპა, მილიონობით კი – უშუქოდ რჩება

11 ოქტომბერს მილიონობით ფლორიდელი კვლავ უშუქოდ რჩება, მას შემდეგ, რაც შუა კვირაში ამერიკის სამხრეთში მდებარე შტატს ქარიშხალი “მილტონი” ძლიერი ქარითა და წყალდიდობებით დაატყდა თავს. ამ ეტაპზე 16 ადამიანია დაღუპული, მაგრამ მათი რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.
შტატში მასშტაბური სამაშველო და აღდგენითი სამუშაოები ამ წუთებშიც გრძელდება. ინტენსიურად ხდება დენის გაყვანილობის შეკეთება, სატელეფონო სადგურების აღდგენა, გზების ხეებისგან გაწმენდა და იმ შენობების დასუფთავება, სადაც წყალდიდობის შემდეგ წყლის დონემ დაიწია.
თეთრი სახლი შტატის მთავრობას ვაშინგტონის მაქსიმალურ მხარდაჭერას დაჰპირდა. ზარალის მასშტაბი ჯერ კიდევ დგინდება, ფლორიდის რამდენიმე ქალაქში დიდი ნალექის გამო კვლავ წყალდიდობებია.
პრეზიდენტ ს ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალურ სააგენტოს დასჭირდება დამატებითი დაფინანსება კონგრესისგან, სადაც წარმომადგენელთა პალატას რესპუბლიკელები აკონტროლებენ. ბაიდენმა მოუწოდა კანონმდებლებს, რომლებიც ახლა საშემოდგომო შესვენებაზე არიან, სწრაფად იმოქმედონ და შტატს დახმარებისთვის დაუყოვნებლივ დაუმტკიცონ დამატებითი ბიუჯეტი.
შეერთებული შტატების ისტორიაში “მილტონი” სიძლიერით მეხუთე ქარიშხალია. წინასწარი შეფასებით, ის სადაზღვევო კომპანიებს შეიძლება $30-60 მილიარდი დაუჯდეთ.

ასევე დაგაინტერესებთ