აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის პარტია(PFPA) ოპოზიციის ლიდერ ალი ქარიმლის დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
“ვაცხადებთ, რომ ალი ქარიმლის დაკავება წმინდად პოლიტიკური მოტივებით არის განპირობებული. ბოლო წლებში ხელისუფლებამ ის ფაქტობრივ ბლოკადაში მოაქცია – ზღუდავდა მის წვდომას ინტერნეტზე, კომუნიკაციაზე და საჯარო საქმიანობაზე. მიუხედავად ამისა, ალი ქარიმლი მაინც რჩება აზერბაიჯანში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დემოკრატიული ფიგურა: მისმა ინტერვიუებმა საერთაშორისო მედიასთან და მოწვევებმა მსხვილ გლობალურ პოლიტიკურ ფორუმებზე ილჰამ ალიევის რეჟიმისთვის პრობლემა გამოიწვია. ქვეყანაში, სადაც პოლიტიკური აქტივობა თითქმის სრულიად აკრძალულია და სამოქალაქო თავისუფლებები მკაცრად შეზღუდული, მიმდინარე ოპერაცია წარმოადგენს კიდევ ერთ ნაბიჯს მზარდი რეპრესიებისკენ. ალი ქარიმლის თანამოაზრეებისა და მხარდამჭერების დაპატიმრებები უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ქარიმლის დაკავება, ხელისუფლების მცდელობაა, გაანადგუროს აზერბაიჯანში ბოლო დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა და საბოლოოდ ჩაახშოს ხალხის ბრძოლა დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის. ჩვენ მოვითხოვთ ალი ქარიმლისა და მამად იბრაჰიმის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, ოპოზიციის წევრებისა და მხარდამჭერების დევნის შეწყვეტას, დაკავებულებისთვის ადვოკატთან წვდომისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ჩვენ მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, უფლებადამცველ ორგანიზაციებს და ევროპასა და მსოფლიოში დემოკრატიულ მთავრობებს დროულად მოახდინონ რეაგირება განვითარებებზე და მოსთხოვონ აზერბაიჯანის ხელისუფლებას, დაიცვას თავისი საერთაშორისო ვალდებულებები ადამიანის უფლებების სფეროში.
აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის პარტიის (PFPA) თავმჯდომარეს, ალი ქარიმლის უკვე ოფიციალურად წარედგინა ბრალდება.
როგორც Trend იუწყება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაკავებულ ალი ქარიმლის ბრალად ედება აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის 278.1 მუხლი – სახელმწიფოს ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელყოფა ან ძალადობრივი გზით კონსტიტუციური წყობის შეცვლა.
29 ნოემბერს ქარიმლის სახლში ჩატარდა ჩხრეკა იმ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რომელიც შეეხება რამიზ მეხტიევს და რომელსაც ასევე იძიებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
საბაილის რაიონულმა სასამართლომ უკვე მიიღო გადაწყვეტილება რამიზ მეხტიევის საქმეზე: სასამართლომ დააკმაყოფილა შუამდგომლობა და, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებში ბრალდებულ მეხტიევს, 4-თვიანი შინაპატიმრობა მიუსაჯა. მას წარდგენილი აქვს ბრალდებები შემდეგ მუხლებით: 278.1 – სახელმწიფოს ხელისუფლების ძალადობრივი ხელყოფა; 274 – სახელმწიფო ღალატი; 193-1.3.2 – დანაშაულებრივი გზით მიღებული ქონების ლეგალიზაცია.




