„ქართუ“, „კრედო“, „ტერაბანკი“ – ეროვნულმა ბანკმა წელს 144 საფინანსო ინსტიტუტი დააჯარიმა

მიმდინარე წელს ეროვნულმა ბანკმა 144 საფინანსო ინსტიტუტი დააჯარიმა, მათ შორის 3 ბანკი („ტერაბანკი“, „ქართუ“ და „კრედო“), 5 საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, 3 საბროკერო კომპანია, 8 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, დანარჩენი კი ვალუტის გადამცვლელი პუნქტი.
„ტერაბანკის“ ჯარიმამ 41 000 ლარი, „ბანკი ქართუს“ – 64 000 ლარი, ხოლო „კრედო ბანკის“ 30 000 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, ყველაზე მეტი ჯარიმა „რიკო ექსპრესს“ დაეკისრა, რომელმაც 70 000 ლარი შეადგინა და „ნოვა კრედიტს“, რომელსაც 32 000 ლარის გადახდა მოუწია.
საბროკერო ორგანიზაციებს შორის ყველაზე მეტი, 30 000 ლარის ჯარიმა მარეგულირებელმა „ფიდელის ველს მენეჯმენტს“ დააკისრა.
ფინანსური ინსტიტუტების დაჯარიმების მთავარი მიზეზები ძირითადად შემდეგია:
· შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არასწორად წარმოდგენის შემთხვევის გამო;
· „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის“ მე-6 მუხლითა და კომერციული ბანკების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევის გამო კლიენტთან მიმართებით (დარღვეულია კლიენტის იდენტიფიკაციის წესი);
· „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, „კომერციული ბანკების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ ბრძანებით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევის გამო (ბანკის მიერ დაირღვა კლიენტის ქონების (ფულადი სახსრების) წარმომავლობის დადგენის მოთხოვნა);
· შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარმოდგენის შემთხვევის გამო;
· ეროვნული ბანკის მიერ ადგილზე შემოწმების შედეგად კომერციული ბანკისათვის წერილობით განსაზღვრული მოთხოვნების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევის გამო.