„ქართუ ბანკი“ „ტვ პირველს“ სამართლოში უჩივის

„ტვ პირველის“ ინფორმაციით, „ქართუ ბანკი“ ტელეკომპანიის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს და მოითხოვს, რომ იგი არ მოიხსენიონ როგორც ივანიშვილის ან ოლიგარქის ბანკი.
როგორც „ნეტგაზეთს“ „ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნოდარ მელაძემ განუცხადა, რეპორტაჟი, რომლის გამოც ბანკი ჩივის, საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა და ეყრდნობოდა ევროპის სახალხო პარტიის (EPP) რეზოლუციას, რომლის ერთ-ერთი მოთხოვნაც იყო „ქართუ ბანკის“ საერთაშორისო გადახდის სისტემიდან — SWIFT-იდან — გათიშვა.
„ისინი მოითხოვენ, რომ ეს რეპორტაჟი არ იყოს განთავსებული ონლაინ პლატფორმებზე. როგორც ჩანს, ბანკისთვის ეს საკითხი პრობლემატურია და მოითხოვენ სასამართლოს გზით ისეთი ტერმინების აკრძალვას მედიაში, როგორიცაა „ივანიშვილის ბანკი“ ან „ოლიგარქის ბანკი“. ამტკიცებენ, რომ ბანკს ბიძინა ივანიშვილთან არანაირი კავშირი არ აქვს“, — განაცხადა ნოდარ მელაძემ.
მისი თქმით, „ქართუ ბანკი“ ასევე სადავოს ხდის ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნატო ხაინდრავასთვის დასმულ კითხვას, რომ ბანკი კი ს შვილზე — უტა ივანიშვილზე — არის გაფორმებული, მაგრამ რეალობას ცვლის თუ არა ეს ფორმალური გაყრა.
„ასევე გვიჩივიან რესპონდენტების მოსაზრებების გამო — რომ ვისზეც არ უნდა იყოს გადაფორმებული ბანკი, ის მაინც ივანიშვილის საკუთრებად რჩება. ამტკიცებენ, რომ რესპონდენტების მოსაზრებები რელევანტური არ იყო. ბევრი საჩივარი მინახავს „ტვ პირველის“ წინააღმდეგ, რომელიც სამართლებრივ საფუძველს იყო მოკლებული, მაგრამ ეს საქმე უკვე სხვა განზომილებას მიეკუთვნება“, — ამბობს ნოდარ მელაძე.
„ტვ პირველი“ საჩივარს უკავშირებს შიშს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის მოსალოდნელი სანქციები არ გავრცელდეს „ქართუ ბანკზე“.
„ოღონდ ტერმინი „ივანიშვილის ბანკი“ სადავო ვერ იქნება, იმიტომ რომ ბანკი უტა ივანიშვილზეა გაფორმებული, უტაც ივანიშვილია — ასე რომ, მაინც ივანიშვილის ბანკი გამოდის“, — დასძენს მელაძე.
მელაძის ინფორმაციით, „ქართუ ბანკი“ ითხოვს მხოლოდ სიუჟეტში გასული ფაქტების უარყოფას და არა — ფულად კომპენსაციას.
ქართუ ბანკის ვებგვერდის თანახმად, ბანკს სააქციო საზოგადოებას “ქართუ ჯგუფი” ფლობს, ხოლო თავის მხრივ “ქართუ ჯგუფის” 35%-ს ფლობს ბიძინა ივანიშვილის ვაჟი უტა ივანიშვილი, ხოლო დარჩენილ 65%-ს – “ფიზიკური პირები”.
· ბაჩიაშვილი ჰყვება რა მოხდა გლდანის ციხეში
· ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ქვეყანაში ნომერ მეორე საგანმანათლებლო ცენტრი უნდა გახდეს –
· დაუყოვნებლივ დაუწესონ სანქციები ივანიშვილს და კობახიძეს – ევროპარლამენტარები