მიმდინარე პერიოდში ქართული ხორბლის ფასი შარშანდელთან შედარებით მაღალია. შარშან წისქვილ-კომბინატები ერთ კგ. ხორბალს 60-65 თეთრში იბარებდნენ, წელს კი 65-70 თეთრში. ,,საქართველოს ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა ელის, რომ მოსავლის საბოლოოდ დაბინავების შემდეგ სექტემბერ-ოქტომბერში ფასი გაიზრდება. ქართულ ხორბალთან შედარებით მაღალი ფასი აქვს იმპორტირებულს, რადგან მასზე დღგ.-ს გადასახადი მოქმედებს.
,,ახლა შარშანდელთან შედარებით უფრო მაღალი ფასია. შარშან ქართული ხორბლის ჩაბარების ფასი ამ პერიოდისთვის იყო 60-65 თეთრი. წელს არის 65-70 თეთრი. სექტემბერ-ოქტომბერში შესაძლებელია ფასების მატება ვიხილოთ. მაგრამ ეს საერთაშორისო ბაზრის ფასებზე იქნება დამოკიდებული. ჯერ კიდევ 2 თვის წინ ხორბლის იმპორტის ფასი საქართველოში იყო დაახლოებით 1 ლარი კილოგრამზე. (ანუ 1000 ლარი ერთ ტონაზე). დღეს რუსული ხორბლის ჩაბარების ფასი არის დაახლოებით 80 თეთრის ფარგლებში. ქართული ხორბლის ჩაბარების ფასი არის დაახლოებით 65-70 თეთრის ფარგლებში. იმპორტირებული ხორბალი დღგ-ს ჩათვლით არის და შესაბამისად აისახება ეს სხვაობა.“- აცხადებს ლევან სილაგავა.
როგორი იქნება ხორბლის ფასი მოსავლის აღების შემდეგ? კითხვაზე ლევან სილაგავა გვპასუხობს, რომ ეს მოსავლის რაოდენობაზეა დამოკიდებული. მისივე თქმით, საქართველოში ხორბლის ფასი მსოფლიო ბაზარზე შექმნილი ტენდენციიდან გამომდინარეობს, ამიტომ პროგნოზის გაკეთებამდე ხორბლის მწარმოებელ ქვეყნებში მოსავლის დაბინავების დასრულებას უნდა დაველოდოთ.
,,ფასი დამოკიდებული იქნება მოსავლის რაოდენობაზე. დაბინავების პროცესი მიდის რუსეთში. სექტემბერში ყაზახეთში იწყება ხორბლის აღების პროცესი. რადგან სხვა განედზე არიან და იქ უფრო გვიან იწყება აღება. სექტემბერში რუსეთში მთავრდება დაბინავების პროცესი. ევროკავშირსა და უკრაინაში დამთავრდება დაახლოებით 2-3 კვირაში. შესაბამისად, ამ ბალანსის შემდგომ უფრო მკაფიოდ გამოჩნდება ფასების დინამიკა. შესაბამისად, ქართულ ბაზარზე ფასების დინამიკაც ამაზე იქნება მიბმული.“- განმარტავს ლევან სილაგავა.
