ქართულ სტარტაპებში ინვესტირება ჰოლანდიურ, თურქულ და ბრიტანულ ვენჩურულ ფონდებს სურთ

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, ამჟამად ოთხ საერთაშორისო ვენჩურულ ფონდთან მიმდინარეობს მოლაპარაკება. როგორც ავთანდილ კასრაძე განმარტავს, ქართულ სტარტაპებში ინვესტირება ორ ჰოლანდიურ, თურქულ და ბრიტანულ ფონდს სურს.
„ვენჩურული ფონდები გველაპარაკებიან, რომ საქართველოზე გაკეთდეს მეტი ფოკუსი, მათ აინტერესებთ ქართულ სტარტაპებში ფულის ჩადება. ხედავენ რომ ზრდის ტენდენცია არის ძალიან მაღალი.“-აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.
მისივე განცხადებით, ათ წელში ქართულმა სტარტაპებმა ნახევარი მილიარდის საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდეს.
„როდესაც ვსაუბრობთ სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაზე, ბოლო ათი წელი არის პირველი ათი წელი. 2014 წელს, როცა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო შეიქმნა, ქვეყანაში ორივე ხელის თითებს ვერ გამოვიყენებდით, რომ ჩამოგვეთვალა იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთაც ესმოდათ რა არის ინოვაციური . ძალიან რთული წლები იყო. დღეს ვხედავთ წარმოუდგენელ შედეგს. ათ წელში სტარტაპები მთავრობის მხრიდან 40 მლნ-ით დაფინანსდნენ, თუმცა მათ ნახევარ მლრდ-ზე მეტი საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდეს. ზრდა გვაქვს გეომეტრიული პროგრესიით.“-აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.
მისივე თქმით, საქართველოში მეზობელი ქვეყნებიდან გადმოდიან სტარტაპები და აქედან აკეთებენ ინოვაციურ ბიზნესებს.
„ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინიდან, ყაზახეთიდან აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან გადმოდიან და საქართველოდან მართავენ ინოვაციურ ბიზნესს, რაც ქვეყნის სტარტაპ ეკოსისტემის მიმზიდველობას ზრდის.“- აღნიშნა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელმა.
მისივე ინფორმაციით, ათი წლის განმავლობაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 250-მდე სტარტაპი ყავს დაფინანსებული.
bp.ge