საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 2023 წლის ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა.
“სახელმწიფოსთან ერთად, უშუალო დარტყმის სამიზნე ქართული მართლმსაჯულება ხდება. მაშინ, როცა სურდათ ქართული მართლმსაჯულების დისკრედიტირება, სწორედ ასეთ საქმეებს იშველიებდნენ მტკიცებულებად: რუსთავი 2-ის საქმე, ახალაიას საქმე, აქციის დაშლისას ძალის გადამეტების საქმე, მელიას საქმე, სააკაშვილის საქმე. ეს ის საქმეებია, რომლებზეც წლების განმავლობაში იყო აწყობილი ქართული სასამართლოს სახელის შებღალვის კამპანია. დღესაც ინტერნეტში ადვილად მოიძიებთ ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების თუ ზოგიერთი უცხოელი აქტორის ძველ განცხადებებს ამ საქმეებზე, სადაც ისინი აპროტესტებენ, გმობენ, უკუსვლად აფასებენ ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებებს. საბედნიეროდ, ამგვარ დეზინფორმაციას აქვს ზღვარი, რომელიც, საქართველოს შემთხვევაში, მკაფიოდ გაავლო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებმა, რომლებშიც ნათლად გამოჩნდა, რომ ყველა ამ საქმეში მართალი იყო ქართული სასამართლო და ტყუოდა ყველა, ვინც მას თავს ესხმოდა. დღეს, ჭეშმარიტების გამჟღავნების შემდეგაც კი, არ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ შიგნით თუ გარეთ მათი საქციელის გამო ვინმე ბოდიშს მოიხდის. მაგრამ მოვუწოდებ ყველას, რომ დღევანდელი დღის შემდეგ მაინც, უფრო მეტად დაფიქრდნენ, ისწავლონ გასული პერიოდის გაკვეთილები და ნებით თუ უნებლიეთ, მომავალში მაინც ნუ გახდებიან დემოკრატიული ინსტიტუტების დამაზიანებელი დეზინფორმაციის ხელშემწყობი”