„ქართულ პოლიტიკაში ივანიშვილის გარდა სხვა ოლიგარქი არ არის“ – სალომე ზურაბიშვილი

„დღეს ქართულ პოლიტიკაში, ივანიშვილის გარდა, სხვა ოლიგარქი არ არის“ – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Le Monde-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ცხადია, რომ ივანიშვილს დომინანტური გავლენა აქვს არსებულ მმართველებზე.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, მიიჩნევს თუ არა ზურაბიშვილი ივანიშვილს ოლიგარქად, პრეზიდენტი ამბობს, რომ ქართულ პოლიტიკაში ივანიშვილის გარდა სხვა ოლიგარქი არ არის.
„მე არ ვიცი, როგორია მისი რეალური ჩარევა ქვეყნის ეკონომიკურ საკითხებში. ეს ყველაფერი აბსოლუტურად არაა გამჭვირვალე. ცხადია, მას დომინანტური გავლენა აქვს არსებულ მმართველებზე. დღეს ქართულ პოლიტიკაში, ივანიშვილის გარდა, სხვა ოლიგარქი არ არის.
პასუხი დეოლოიგარქიზაციაზე, ვფიქრობ, მომავალ არჩევნებშია. ოცდაათი წელია ჩვენ ხელისუფლების ერთპარტიულ სისტემაში ვართ. დეოლიგარქიზაცია ნიშნავს, რომ რაც შეიძლება თავისუფალი გვჭირდება, რეალური კოალიციით, პროევროპული ფრონტით“, – აცხადებს პრეზიდენტი.
Le Monde-ის შეკითხვაზე, არის თუ არა ივანიშვილი რუსული გავლენის ქვეშ, ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ივანიშვილმა ქონება რუსეთში დააგროვა და მისი წარსული გამოცდილება მის მენტალიტეტზე გავლენას ახდენს.
„ის ოლიგარქია, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა. ასე რომ, მენტალიტეტზე გავლენას ახდენს ის, რაც მან წარსულში გამოცადა. დღეს მსოფლიო ორად იყოფა. ის მათ რიგებშია, ვინც ვერ წარმოიდგენს, რომ დამარცხდება, ამიტომაც ცდილობს წინასწარ მოერგოს რუსეთის გამარჯვებას, რომელიც შესაძლოა, კიდევ უფრო აგრესიული იყოს. მისი გავლენით, ხელისუფლებაში მყოფი, ევროპაში განათლებამიღებული ახალგაზრდები აჩვენებენ სისუსტესა და მაამებლურ პოზიციას რუსეთის მიმართ. ეს ახალი გეოპოლიტიკური მოცემულობის ცუდი აღქმაა“, – ამბობს ზურაბიშვილი.