„ქართულ ოცნებას“ საარჩევნო კოდექსში მორიგი ცვლილებები შეაქვს

„ქართულ ოცნებას“ საარჩევნო კოდექსში მორიგი ცვლილებები შეაქვს.

ცვლილება შეეხება საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა დანიშვნას და საქმიანობას; არჩევნებზე დამკვირვებელთა და პრესის წარმომადგენელთა დანიშვნის კრიტერიუმებს; დამკვირვებელთა საქმიანობას; საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში ჩარებისთვის სანქციას; მუნიციპალიტეტებში გაუნაწილებელი მანდატების განაწილების წესს და სხვა.

უფრო კონკრეტულად:

„ოცნებამ“ წარადგინა ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიხედვით, არჩევნებზე დამკვირვებელი ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და დამკვირვებლებს წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არ ექნებათ – იმ პირთა ჩამონათვალს, რომელთაც წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევისა და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არა აქვს, დამკვირვებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელი და დამკვირვებელი ემატება.

საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში ჩარევაზე პასუხისმგებლობა მკაცრდება. ჯერ კიდევ მოქმედი კანონით აღნიშნულ ქმედებაზე გათვალისწინებულია ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებებით, საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში ჩარევა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

ამავე პაკეტით, პოლიტიკურ პარტიებზე საბიუჯეტო დაფინანსების გაცემა დაიწყება პარლამენტის უფლებამოსილების ცნობიდან მეორე დღეს. აქამდე დაფინანსების გაცემა იწყებოდა ს შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების შემდეგ.

ცესკოს წევრებს შეიტანენ სახელმწიფო კომპენსაციისა და სტიპენდიის შესახებ კანონის ჩამონათვალში, შესაბამისად, მათ ექნებათ კომპენსაციის/სტიპენდიის მიღების უფლება 65 წლის ასაკის მიღწევისას ან არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟის შემთხვევაში, თუ ის 5 წლის განმავლობაში უწყვეტად ცესკოს წევრი იყო.

ცესკოს წევრის კომპენსაციის ოდენობად ცესკოს წევრის თანამდებობრივი სარგოს ერთი მესამედი განისაზღვრება.

სახელმწიფო კომპენსაცია ცესკოს იმ წევრს არ დაენიშნება, რომლის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება არსებობს და რომლითაც დადასტურებულია მის მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, ასევე წესრიგდება შემდეგი საკითხები:

  •  სპეციალური ჯგუფის წევრის საქმიანობა ან/და შრომის ანაზღაურება მის საზიანოდ გავლენას არ მოახდენს მისი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციაზე, მისთვის სოციალური დახმარების, სოციალური გასაცემლის ან/და სახელმწიფო გასაცემლის მიცემაზე, მასზე სოციალური შეღავათის გავრცელებაზე ან/და მის დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ან/და ასეთი პროგრამის ქვეპროგრამაში მონაწილეობაზე;
  •  საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის/დანიშვნის კრიტერიუმები უფრო მკაფიოდ და ერთგვაროვნად ყალიბდება;
  • საარჩევნო კომისიის არჩეულ/დანიშნულ წევრს უფლებამოსილება შეუწყდება სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის/გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე;
  • ზუსტდება, რომ ამომრჩეველთა ერთიანი სიის გრაფაში ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი“ ჩანაწერი ,,საკონსულო აღრიცხვაზეა“, მსგავსად ჩანაწერისა ,,იმყოფება უცხოეთში“ არ არის კენჭისყრაში მონაწილეობის შეზღუდვის საფუძველი
  •  მუხლიდან, რომელიც არეგულირებს რიგითი ნომრის მინიჭების წესს, ამოღებულია საარჩევნო ბლოკთან დაკავშირებული ჩანაწერი;
  •  პარტიულ და არაპარტიულ დაკვირვებას შორის არსებული ზღვარის უფრო მკაფიოდ დაცვის მიზნით, დგინდება ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და ადგილობრივ დამკვირვებელთა, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელთა, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა დანიშვნის ახალი კრიტერიუმები;
  • ზუსტდება, რომ საარჩევნო სუბიექტს ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის მსგავსად, უფლება აქვს კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანში ერთდროულად ჰყავდეს არაუმეტეს 1 წარმომადგენლისა;
  • პარტიულ და არაპარტიულ დაკვირვებას შორის არსებული ზღვარის უფრო მკაფიოდ დაცვის მიზნით, დამკვირვებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელს და დამკვირვებელს ეზღუდებათ წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლება;
  •  საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციების გასანაწილებელი წილისყრა ჩატარდება კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-7 დღისა;
  • იზრდება საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში ჩარევისთვის განსაზღვრული სანქციის ოდენობა;
  • ზუსტდება ჩანაწერი, რომელის თანახმად საქართველოს მოქალაქე საქართველოს პარლამენტის წევრად, მერად, საკრებულოს წევრად შეიძლება აირჩეს თუ კენჭისყრის დღემდე ან კენჭისყრის დღეს უსრულდება კანონმდებლობით დაწესებული შესაბამისი ასაკი;
  • მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს სთვის იცვლება გაუნაწილებელი მანდატების გადანაწილების წესი – შესაბამისობაში მოდის საქართველოს პარლამენტის არჩევნებში გაუნაწილებელი მანდატების გადანაწილების წესთან;

ცვლილებათა პაკეტი ბიუროს სხდომაზე დღეს, 27 იანვარს დარეგისტრირდა.

პარლამენტში საგაზაფხულო სესია, რეგლამენტის შესაბამისად, თებერვლის პირველ სამშაბათს, ამ შემთხვევაში – 4 თებერვალს გაიხსნება.