კომპანია “შავნაბადას” დირექტორის გოჩა ხუციშვილის ინფორმაციით, ნახევარფაბრიკატების საწარმოებლად ქართულ ნედლეულს არ იყენებენ და მხოლოდ ევროპულით ამზადებენ. ამის შესახებ მან გაყინული ნახევარფაბრიკატების უვნებლობაზე საუბრისას განაცხადა.
აღსანიშნავია, რომ შპს შავნაბადა, ნახევარფაბრიკატებს ბრენდის „დიდგორი“ სახელით ყიდის და ისეთ პროდუქტებს აერთიანებს, როგორიცაა გაყინული ხინკალი, პელმენი და სხვა.
წარმოების ხელმძღვანელი სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ არაგეგმური ინსპექტირების სიხშირით უკმაყოფილოა და ამბობს, რომ ასე ხშირად შემოწმება არასწორია, ვინაიდან, მომხმარებელს კომპანიისთვის ინსპექციის გაგზავნა გემოვნური მახასიათებლების მიუღებლობის შემთხვევაშიც შეუძლია.
“პროდუქტს იმპორტირებული ნედლეულით ვაწარმოებთ. ქართულ ნედლეულზე არ ვმუშაობთ, რადგან ის უფრო საფრთხის შემცველია. იმპორტირებული ნედლეული საბაჟოზე ისე არ შემოვა, თუ ლაბორატორიული კვლევა არ აქვს ჩატარებული. ამიტომ, ბევრად უსაფრთხოა.
სურსათის ეროვნული სააგენტო ინსპექტირებას ძალიან ხშირად ატარებს. გეგმური კვლევის გარდა, სურსათის უვნებლობა ლამის კვირაში ერთხელ შემოდის და ინსპექციას ატარებს. ჩემი გადმოსახედიდან, სურსათის ინსპექცია არასწორად ხორციელდება, რადგან მომხმარებელს უბრალოდ შეუძლია სურსათის ეროვნულ სააგენტოში, ცხელ ხაზზე დარეკოს და მხოლოდ იმიტომ, რომ მას გემო არ მოეწონა, კომპანიას ინსპექცია გაუგზავნოს. განა იმაზეა საუბარი, რომ აწყინა ან რაიმე პრობლემაა, საუბარია, რომ გემო არ მოეწონა და სურსათის უვნებლობა ვალდებულია, რომ შემამოწმოს, თუ რატომ არ მოეწონა მომხმარებელს გემო“, – ამბობს კომპანიის დირექტორი და დასძენს, რომ ზოგიერთი მომხმარებელი კომპანიისთვის ინსპექციის გაგზავნით ნერვებს იწყნარებს, ხოლო ინსპექცია საჩივრის რეალურობას არ ამოწმებს.
