ქართულ კომპანიებში ადგილობრივს უცხოური სამუშაო ძალა ანაცვლებს – პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე

„მთელ რიგ ქართულ კომპანიებში ადგილობრივს უცხოური სამუშაო ძალა ანაცვლებს”, – ამის შესახებ პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ რაისა ლიპარტელიანმა ისაუბრა.
მისი თქმით, დღეს არსებულ რეალობაში, საქართველომ უკვე შეიძინა დანიშნულების ქვეყნის როლი, შესაბამისად შრომითი იმიგრანტების რაოდენობა გაიზარდა.
როგორც რაისა ლიპარტელიანი აღნიშნავს, 2023 წელს მიღებული ნორმებით, თუ ადგილობრივ ბიზნეს ოპერატორი უცხოელს ასაქმებს, მას ევალება შესაბამის პორტალზე ამის რეგისტრაცია. მისი შეუსრულებლობა კი 1000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. თუმცა, პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე ამბობს, რომ საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, მოსაფიქრებელია, რამდენად გონივრულია ჯარიმის ოდენობა.
„2023 წელს დადგინდა, რომ ყველა ბიზნეს ოპერატორმა, რომელიც დაასაქმებს უცხოელ პირს, იმიგრანტს, მას ევალება, ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის პორტალზე დარეგისტრირება. ამ ნორმების აღსრულებაზე კონტროლი დაევალა შრომის ინსპექციას. მას გაუფართოვდა მანდატი, მათ შორის დასაქმების კერძო სააგენტოების მონიტორინგიც, სწორედ შრომის ინსპექციას დაევალა.
აღსანიშნავია, რომ ვალდებულების შეუსრულებლობაზე შესაბამისი სანქციაც უკვე არსებობს. თუ ბიზნეს ოპერატორი არ მოახდენს დასაქმებული იმიგრანტის რეგისტრაციას, ითვალისწინებს 1000-ლარიან ჯარიმას, განმეორების შემთხვევაში 2000-ლარიანს, მესამედ თუ ხდება, გასამმაგდება და ა.შ. ასე რომ, სანქცია არსებობს, მაგრამ როდესაც ვხედავთ, რომ ამდენი შრომითი მიგრანტია ბაზარზე, რაღაცნაირად უნდა მოწესრიგდეს.
თუ აქამდე ვსაუბრობდით იმაზე, რომ ძირითადად ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ტოვებენ ქვეყნის საზღვრებს და ეს იყო ძირითადი გამოწვევა, ახლა ამას დაემატა საქართველოს, როგორც დანიშნულების ქვეყნის როლი. ეს მოხდა განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში. ჩვენ ვხედავთ, რომ მთელ რიგ ქართულ კომპანიებში ადგილობრივს უცხოური სამუშაო ძალა ანაცვლებს. ზოგჯერ ისეც ხდება, ის სამუშაო პირობები, რომელსაც მათ სთავაზობენ, უკეთესია (რაც პარადოქსია), ან პირიქით, ცდილობენ, მათი დასაქმებით დაზოგონ სახსრები.
ყოველ შემთხვევაში, ეს თემა დღითიდღე უფრო აქტუალური ხდება და ამ კუთხით მეტი კონტროლია საჭირო. ხდება თუ არა მათი აღრიცხვა, შესაბამისი რეგისტრაცია და ა.შ. ეს 1000-ლარიანი ჯარიმა შეიძლება, არ არის ისეთი პროპორციული, რომ შეაკავოს ბიზნეს ოპერატორი. მე ვფიქრობ, ეს თემა სამსჯელოა და მოსაფიქრებელია, რა იქნებოდა უფრო გონივრული სანქცია”, -ამბობს რაისა ლიპარტელიანი.
ცნობისთვის, უცხოელების არალეგალურად დასაქმებაზე შესაძლოა, დამსაქმებლების ჯარიმა 10 ათასიდან 20 ათას ლარამდე გაიზარდოს. შესაბამისი საკანონმდებლო წინადადებით პარლამენტს უკვე მიმართეს.კერძოდ, წინადადების მიხედვით: საქართველოში დამსაქმებლის მიერ, იმ იმიგრანტის (უცხო ქვეყნის მოქალაქე, ან მოქალაქეობის არმქონე პირი) დასაქმება, რომელსაც არ აქვს კანონით გათვალისწინებული დასაქმების უფლება, გამოიწვევს დამსაქმებლის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით; იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.
საკანონმდებლო წინადადების ავტორების განმარტებით, ამ ცვლილების მიზანია დამსაქმებლების პასუხისმგებლობის მკაფიოდ განსაზღვრა, წესების დარღვევით დასაქმების ფაქტებზე.
მათი თქმით, ცვლილებების შედეგად, შემცირდება არალეგალურად დასაქმება, წახალისდება ლეგალური შრომითი უფლებები, იმიგრანტთა შრომითი უფლებების უკეთ დაცვა მოხდება, ამასთან, გაიზრდება კანონის მიმართ ნდობა და სახელმწიფოს ავტორიტეტი.
წყარო: bpn.ge