Youtube-ზე გადაცემა “საფეხბურთო სამართლის ექსპერტის” სტუმარი სპორტული ჟურნალისტი ლევან სალუქვაძე გახლდათ. სალუქვაძემ იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც ქართული გუნდები ევროტურნირებზე გასვლას ვერ ახერხებენ.
“გეგმა მენეჯმენტი არ არსებობს, ეს მესმის, მაგრამ მთავარი რაც არის და ეს ჩემი ვარაუდია, არ არსებობს ნება, განა ის, რომ უნდათ და ვერ გადიან, უბრალოდ არ უნდათ გასვლა. როგორ გითხრათ, ბაყაყების ქვეყანაა ფეხბურთში ჩვენთან. ბაყაყს რომ ჭაობი დაუშრო და აუშენო კარგი გაზონი და კარგი ოაზისი შეუქმნა, ვერ გაძლებს, რადგან მას ჭაობში ყოფნა უნდა, რომ იქ იყიყინოს.
შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, ძალიან ბევრი პატიოსანი და გულანთებული ადამიანია, ფედერაციას არ ვეხები, მაგრამ ჩვენთან ფეხბურთში დიდი ნაწილი მუშაობენ ბაყაყები, რომლებსაც უნდათ ჭაობში სხდომა და იმ თავისი დივიდენდების იქიდან მიღება, როგორც კი ეს ჭაობი დაშრება, ქართულ ფეხბურთში ეგენი უმუშევრები იქნებიან და არავის არ დასჭირდება.
იქ უამრავი ფაქტებია, შეკრებაზე წასვლიდან დაწყებული, რომ ვიღაც ბალკანელი 6 თვით ადრე იყიდის თურქეთში რაღაც ნაკლებად სერიოზულ საშეკრებო ტერიტორიას და იქ გადახდილი აქვს იაფი და 6 თვეში ის ძვირდება და მერე გვაძლევს ჩვენ, ამ მარჟას რომ იჭერს სხვაობას, იქიდან სავარაუდოდ წილს უხდის იმას, (სავარაუდოდ) ვინც იმ კლუბში გადაწყვეტილებას იღებს, რომ იქ წავიდეს გუნდი.
მე რომ ვნახე, რასაც ეგეთ ადგილებზე დადიან ქართული გუნდები შეკრებაზე, იმ თანხით მარბელაზე წახვალ და “ბაზელს”, “რაპიდს” და “შტუტგარტს” შეხვდები თუ მოინდომებ, მაგრამ ქართული გუნდები მიდიან თურქეთში და რაღაც “ოლექსანდრიას” და გაუგონარ გუნდებს ეთამაშებიან. რატომ? იმიტომ, რომ ისიც კმაყოფილია და ესეც კმაყოფილია, ყველა კმაყოფილია… ჩამოვალთ მერე და გვინდა, რომ სასწაულები მოვახდინოთ”, – განაცხადა სალუქვაძემ.
portall.ge
