ქართულ ბანკებში უცხოეთის მოქალაქეთა დეპოზიტები რეკორდულ ₾9.4 მილიარდზეა

საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის თანახმად, ქართულ ბანკებში არარეზიდენტი ფიზიკური პირების დეპოზიტების მოცულობა 2023 წლის დეკემბრის მდგომარეობით 9.4 მილიარდ ლარს შეადგენდა, რაც წინა თვესთან შედარებით 63 მილიონი ლარით მეტი იყო. ბოლო ორ წლის განმავლობაში კი ამ კატეგორიის დეპოზიტების ზომა თითქმის გაორმაგდა (2021 წლის დეკემბერში 5.3 მილიარდი ლარი იყო).
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2023 წლის დეკემბრის ბოლოსათვის 50.60 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 183.38 მლნ ლარით, ანუ 0.36%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.72%-ით მეტი). დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების შემცირებას 668.20 მლნ ლარით, ანუ 3.34%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.97%-ით შემცირდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 851.58 მლნ ლარით, ანუ 2.80%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 3.16%-ით).
დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2023 წლის დეკემბრის ბოლოსათვის 49.27 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.03 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით შემცირდა 0.15 პროცენტული პუნქტით).
დეკემბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.55% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 10.79%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.18%.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში დოლარის წილმა 78.78%, ხოლო ევროს წილმა 19.36% შეადგინა.