ქართულ ბაზარზე სასმლის ახალი ბრენდი „კუკი-ბუკი“ გამოჩნდა

მიმდინარე წელს ქართულ ბაზარზე ახალი გამაგრილებელი სასმლის ბრენდი „კუკი-ბუკი“ გამოჩნდა, კუკი-ბუკი მაღაზიებში სიროფის სახით არის წარმოდგენილი, რომელიც ამავე კომპანიის წარმოებულ გაზირებულ წყალში ზავდება, მომხმარებელს ასევე შეუძლია გაზირებული წყლისთვის სპეციალური სიფონის შეძენა, რომელიც გაზირებული წყლის და სიროფის უკეთ შეზავებაში ეხმარება მომხმარებელს.
მიუხედავად იმისა, რომ ბრენდი ქართულ ბაზარზე 2024 წელს გამოჩნდა, იგი უფრო ადრე – 2022 წელს საქართველოსა და პოლონეთში მცხოვრები ქართველების და უკრაინელების მიერ დაფუძნდა და იყიდებოდა ისეთ ქვეყნებში როგორიც არის პოლონეთი, ჩეხეთი, , ლიტვა და გერმანია.
საიდან გაჩნდა მსგავსი კონცეფციის მქონე სასმელის წარმოება, როგორია მომხმარებლის მხრიდან დაინტერესება და სად არის შესაძლებელი მისი შეძენა თემაზე „კომერსანტთან“ კუკი-ბუკის კომერციულმა ხელმძღვანელმა მარიამ ცარციძემ ისაუბრა.
მისი თქმით მსგავსი კონცეფციის სასმელები საკმაოდ მოთხოვნადია, როგორც პოლონეთში ასევე სხვა ქვეყნებში, შესაბამისად გაჩნდა იდეა, რომ სხვა ბრენდული სასმელების გვერდით ყოფილიყო საქართველოში წარმოებული სიროფებიც.
„შევქმენით ნატურალური შუშხუნა სასმელი კუკუ-ბუკი, ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ გაზიანი წყალი და სიროფი ჩვენი ქვეყნის ერთგვარი სავიზიტო ბარათი და ისტორიის ნაწილია. მთავარი იყო ის, რომ მარტივად, ნებისმიერ დროს და ადგილას და რაც მთავარია სახლში შესაძლებელი ყოფილიყო ამის დამზადება, ძირითადი აქცენტი გვქონდა ბავშვებზე, რადგან მსგავსი პროდუქციის მიმართ მათი ინტერესი უსაზღვროა და გვინდოდა, რომ ყოფილიყო ნატურალური.
2022 წლიდან ჩვენი პროდუქცია მუშაობს ექსპორტზე ისეთ ქვეყნებში როგორიც არის პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, ლიეტუვა, გერმანია , გამოხმაურება იყო ძალიან დიდი. ეს ერთის მხრივ განაპირობა იმ ფაქტმა, რომ ამ ქვეყნებში არის ძალიან ბევრი ქართული რესტორნები და ასევე რა თქმა უნდა ჩვენ ქვეყნის ძვირფასი ადამიანები ემიგრანტები და მიზანი იყო ის, რომ კიდევ უფრო ახლოს გაეცნო ჩვენი ქვეყანა ევროპას“- აღნიშნა მარიამ ცარციძემ.
ცარციძის თქმით 2024 წელს კუკუ-ბუკის გაყიდვები საქართველოშიც დაიწყო და ბაზარზეც დაიმკვიდრა თავის, მისივე თქმით მომხმარებლის მხრიდან დაინტერესება საკმაოდ მაღალია და გამოხმაურებამ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა.
„2024 წელს შემოვედით საქართველოს ბაზარზე, არადა აქედან გადის ექსპორტზე. გვაქვს 9 სახეობის სიროფი ესენია: მსხალი, ტარხუნა, კოწახური, ბროწეული, ლიმონი, ალუბალი, საფერავი, შოკოლადი და ნაღები. მომხმარებლების მხრიდან დაინტერესება საკმაოდ მაღალია, არც ერთ უარყოფით გამოხმაურება არ გვაქვს და დაინტერესებამ და გამოხმაურებამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა, ძალიან მოკლე დროში გახდა ჩვენი პროდუქტი ცნობადი, როგორც მოსახლეობისთვის, ასევე ბიზნესისთვის. ჩვენ ასევე ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს კახეთში „ევრომარტის“ ქსელთან და თბილისში „გურმანიას“ ქსელთან.
ჩვენი პროდუქტები იყიდება თბილისში არსებულ ქსელურ მარკეტებში „მეინ მარტში“, თბილისსა და კახეთში არსებულ მარკეტების და კაფეების ქსელ „ევრო მარტში“, რომელიც ფლობს კაფეებს „გურმანიას“, ბათუმში სუპერმარკეტ „ალალში“ და ყველა ქალაქში არსებულ უბნის მაღაზიებში ან შიდა ქსელებში. ვისურვებდით, რომ დიდმა კომპანიებმაც გამოიჩინონ დაინტერესება, რადგან ქართული ბიზნესის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია“ – აღნიშნა მარიამ ცარციძემ.
ცარციძის თქმით კუკი-ბუკი თანამშრომლობს კომპანია „ლაღის“ ქარხანასთან და ექსკლუზიურ ხელშეკრულების საფუძველზე სწორედ „ლაღის“ ქარხანაში ხდება სასმელის ჩამოსხმა.
„პირველივე დღიდან ჩვენი მხარდამჭერები არიან და ჩვენი იდეის განხორციელებაში დიდი წვლილი მიუძღვით. რაც შეეხება დასაქმებას ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი თვეა რაც ქართულ ბაზარზე გამოვჩნდით და სამ ადამიანს ვასაქმებთ , თუმცა ახლო მომავალში იგეგმება 25 ადამიანის დასაქმება, ამას გარდა დისტანციურად ყველა ჩართულები ვართ პროცესში. ჩვენი მიზანია, რომ შევქმნათ მეტი სამუშაო ადგილი და მოვიზიდოთ ინვესტიციები“ – აღნიშნა მარიამ ცარციძემ.
რაც შეეხება საფასო პოლიტიკას მარიამ ცარციძე აღნიშნავს, რომ ფასი მარკეტში ინდივიდუალური მოლაპარაკების საფუძველზე განისაზღვრება, თუმცა 0,5 ლიტრიანი სიროფის ღირებულება 12-13 ლარის ფარგლებში მერყეობს და გაზავების შემდეგ მომხმარებელი 5 ლიტრ სახლში მომზადებულ ლიმონათს იღებს.
ცარციძის თქმით ბრენდის სახელი პოლონეთში, პოლონელი ბავშვების მიერ შეირჩა.