„ქართულ ბაზარზე რუსული ავიაკომპანიების წილი ჰიპოთეტურად 3%-ზე მეტიც შეიძლებოდა ყოფილიყო, თუმცა ჩვენ მივიღეთ დაბალანსებული გადაწყვეტილება“ – მარიამ ქვრივიშვილი

„ქართულ ბაზარზე რუსული ავიაკომპანიების წილი ჰიპოთეტურად 3%-ზე მეტიც შეიძლებოდა ყოფილიყო, თუმცა ჩვენ მივიღეთ დაბალანსებული გადაწყვეტილება“ – მარიამ ქვრივიშვილი
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ქართულ ბაზარზე რუსული ავიაკომპანიების ოპერირებასთან დაკავშირებით მთავრობას დაბალანსებული გადაწყვეტილება აქვს მიღებული, რაც გულისხმობს, რომ ქვეყანაში ოპერირება მხოლოდ ევროპისა და -ის მიერ სანქცირებულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ.
„თითოეული ჩვენგანი ამაყი უნდა ვიყოთ იმით, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო ძალიან დაბალანსებული გადაწყვეტილება. საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება და შესაძლებლობა, რომ დააწესოს ეკონომიკური სანქციები, თუმცა საქართველო არის ერთგული საერთაშორისო თანამეგობრობის, საერთაშორისო გადაწყვეტილებების და რა თქმა უნდა, ვუერთდებით იმ ფინანსურ სანქციებს, რომლებიც ასევე მოქმედებს ევროკავშირის ქვეყნებში.
დაბალანსებული მიდგომა გულისხმობს იმას, რომ საქართველოში არ და ვერ ოპერირებს ისეთი ავიაკომპანიები, რომლებიც ევროპისა და აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან.
ასევე საქართველოში არ და ვერ ოპერირებენ ისეთი ხომალდები, რომლებიც არიან ანალოგიური ჩამონათვალის სანქცირებულთა სიაში. საქართველოში ოპერირებს მხოლოდ და მხოლოდ ისეთი ავიაკომპანია და ისეთი ხომალდი, რომელიც არ არის სანქცირებული. შესაბამისად, აქ შეფასებები, რომ ჩვენ თითქოს მივიღეთ ქვეყნის იმიჯისთვის საზიანო გადაწყვეტილებები, რა თქმა უნა, ვფიქრობ, რომ უსამართლოა“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოსთვის ყველა ქვეყანასთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, რათა საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვი და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები გაიზარდოს.
რაც შეეხება რუსული ავიაკომპანიების წილს ქართულ ბაზარზე, მარიამ ქვრივიშვილის პოზიციით, ის შეიძლება გაცილებით დიდი ყოფილიყო, თუ მთავრობისგან საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით სხვა პოლიტიკა იქნებოდა გატარებული.
„მეორეს მხრივ, ჩვენ დღესაც გავაკეთეთ განცხადება, რომ თითოეული ბაზარი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ გვაქვს დივერსიფიკაციის პოლიტიკა და მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქვეყანას ჰქონდეს თავისი როლი ჩვენი ქვეყნის ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებისა და ასევე ტურისტული ნაკადების ზრდაში, მათ შორის რუსული ავიაკომპანიების 3%-საც, რომელიც ჰიპოთეტურად შესაძლებელი იყო რომ უფრო მეტი ყოფილიყო. თუმცა, საქართველოს მიერ მიღებულმა დაბალანსებულმა გადაწყვეტილებამ განაპირობა ის, რომ საქართველოში არ ოპერირებენ სანქცირებული კომპანიები. ხელისუფლების გადაწყვეტილება არ ემსახურება ვიწრო კომერციულ მიზნებს, არამედ ემსახურება პოლიტიკას, რომელიც ქვეყანასა აქვს, რომ საქართველო არ შედის პოლიტიკურ სანქციებში, თუმცა შედის ფინანსურ სანქციებში “, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მისი თქმით, ყველა ავიაკომპანიასთან მიმართებით შედეგების გაუმჯობესება ეკონომიკის სამინისტროს ამბიციაა და მიმდინარე წლის მთავარი ამოცანა იქნება, საქართველოში მომუშავე ყველა ავიაკომპანიის ფრენების სიხშირეები გაიზარდოს.