26 წლის წინ გიორგი წურწუმიას ამერიკული თავგადასავალი მწვანე ბარათით დაიწყო, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ამერიკული ოცნება უამრავ ქართველს შორეულ პერსპექტივად ეჩვენებოდა. მწვანე ბარათით მიგრაციის შემდეგ, გიორგი ნიუ-ჯერსიში დასახლდა და თავისი პირველი საქმიანი ნაბიჯები ავტომობილების მცირე მასშტაბით ყიდვა-გაყიდვის მიმართულებით გადადგა. პირველივე წარმატებულ გარიგებას მალევე ავტომობილების საქართველოში ექსპორტი მოჰყვა.
“გაზეთებში იწერებოდა, რომ იყიდება ესა და ეს ავტომანქანა და დავიწყე ამის ძებნა. რომ ვიყიდე, მალევე მომბეზრდა და სწრაფად გავყიდე. შემდეგ მეორე ავტომობილი შევიძინე, ანალოგიურად მალევე მომბეზრდა და თქვენ წარმოიდგინეთ, უფრო მეტ თანხად გავყიდე, ვიდრე მის შესაძენად გადავიხადე. ამის მერე მეგობარმა მითხრა, ხომ არ გამოაგზავნი საქართველოშიო და გამოვაგზავნეთ ერთი მანქანა და ძალიან სწრაფად გავყიდეთ…ასე განვვითარდი ნელ-ნელა”,- აღნიშნავს გიორგი წურწუმია.
ერთ მანქანას მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე… გეომეტრიული პროგრესიით იზრდებოდა ტრანზაქციების ოდენობა, თუმცა, 2008 წლის აგვისტოს ომმა გიორგი წურწუმია სამშობლოში დააბრუნა, აქვე შექმნა კომპანია, რომელმაც ამერიკიდან საქართველომდე ავტომობილების იმპორტზე აიღო პასუხისმგებლობა.რამდენიმე წლის შემდეგ მიღებული შემოთავაზების საფუძველზე კვლავ აშშ-ში დაბრუნდა და სადილერო ბიზნესი დაიწყო.
“დამირეკეს და მითხრეს, რომ სადილეროს აქირავებდნენ, ისეთი ფასი შემომთავაზეს, უარი ვერ ვთქვი და წავედი. ჯერ ექსპორტიორი ვიყავი, მერე იქვე დავაფუძნე სადილერო-საცალო კომპანია, სრულად შევავსე იქაურობა და დღემდე წარმატებით ოპერირებს. ერთადერთი, რაც შეიცვალა ის არის, რომ ფართი შევისყიდე და ახლა სრულად ჩემს საკუთრებაშია ყველაფერი”, – ამბობს ავტოდილერი.
ამერიკულ ბიზნესს ქართველი მესვეურით ნიუ-ჯერსიში ყველა კარგად იცნობს და დიდი ხანია, აღარც მხოლოდ ნიუ-ჯერსიში. CG luxury autos სარეალიზაციო მასშტაბი 50-ვე შტატს მოიცავს, ასევე კოლუმბიის ოლქსაც. სარეალიზაციო რაოდენობა წლიურად ათასობით ავტომობილს აჭარბებს, ხოლო შიდა ლოგისტიკა, გადაზიდვა და აუქციონებთან თანამშრომლობა მთლიანად კომპანიის კონტროლქვეშაა.
“სადილეროში მოგვყავს მანქანები აუქციონებიდან, მხოლოდ დაუმტვრეველი მანქანები, რადგან იქ შეკეთებულ მანქანას ცუდი სტატუსი აქვს და კარგად ვერ იყიდება. ჩამოგვყავს, ვწმენდთ და პირდაპირ ვყიდით. მე უკვე ჩემი მაქვს ყველაფერი, სადილერო, შიდა გადაზიდვა, გიგანტურ ჩამტვირთავ კომპანიებთან კონტრაქტები, ეს უკვე ათეულ წლებს ითვლის”, – განმარტავს წურწუმია.
CG Luxury Autos-ის მომსახურება თავიდან მხოლოდ ამერიკელ მომხმარებელზე იყო ორიენტირებული, თუმცა დროთა განმავლობაში კომპანიის სამომხმარებლო სეგმენტმა შეერთებულ შტატებში მცხოვრები ქართველებიც მოიცვა.
“ქართველებს ვიცი რა მანქანებიც უნდათ, ამერიკაში ძირითადად დელივერზე სამუშაოდ ჩადიან და შესაბამისად სჭირდებათ პრიუსები, ჰიბრიდული მოდელები, რაც ნაკლებს წვავს. დავიწყე ამ ტიპის ავტომობილებით მომარაგება, ამას დაემატა ისიც, რომ გაყიდვა შიდა განვადების პირობითაც დავიწყე. მხოლოდ ამ პირობით ნახევარ წელში სამასზე მეტი პრიუსი გავყიდე”, – თქვა ავტოდილერმა გიორგი წურწუმიამ.
CG Luxury Autos-ის გიორგი წურწუმიას ერთადერთი ბიზნესი არ არის. ამერიკული ბაზრის სიღრმისეული ცოდნის უპირატესობით, საქართველოში “ამერიკან ავტო სეილი” როგორც კომპანია დე იურე 10 წლის წინ დააფუძნა, ააწყო სისტემა, რომლის მართვა და მომსახურების სრული ციკლის კონტროლი, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილიდან, ერთი სატელეფონო ზარით შეუძლია.
“საქართველოში მანქანები არ მომყავს, მაგის დრო არ მაქვს, დილერებს და კლიენტებს ჩამოყვანის სერვისით ვემსახურები. მანქანის რეკომენდაციას ვიძლევით, ვუმოწმებთ ისტორიას, ამ მხრივ რისი გაკეთებაც შეიძლება, ყველაფერს ვაკეთებთ. ხაზს გავუსვამ, ამას შეიძლება აკეთებდეს ყველა ოფისი, მაგრამ ფასებში ვერავინ, რადგან ისინი სხვისგან ყიდულობენ მომსახურებას და შეიძლება არაკეთილსინდისიერი ოფისი ემსახურებოდეს ამერიკაში. მე კიდევ ყველაფერს ჩემით ვაკეთებ. მე ჩემივე თავი მემსახურება”, – ამბობს გიორგი წურწუმია.
როგორც ავტოდილერი აღნიშნავს, ეფექტიანი სერვისის მიწოდების მიღმა მან მომხმარებლის ცნობიერების ხარისხიც განსაზღვრა, პროფესიული ცოდნისა და ბიზნესის მარტივი პრინციპების გაზიარებით – ასწავლა, როგორ დაიცვან თავი საბაზრო მანიპულაციებისგან და როგორ მიიღონ საჭირო პროდუქტი გაღებული თანხის ზუსტი პროპორციით.
“მანქანას როცა აუქციონზე იყიდი, არ ნიშნავ იმას, რომ ამით სრულდება მისი საქართველომდე ტრანსპორტირება. ხან მოჰყვება საბუთი, ხან არა. როცა არ მოჰყვება, უნდა დარეკო აუქციონზე და შეუკვეთო ფოსტით გამოგზავნა. ხანდახან აუქციონები თვითონაც მირეკავენ, ხანდახან მანქანას ვიგებ, გამყიდველს არ აწყობს ეს თანხა და გეუბნება, რამდენად შეუძლია მოგყიდოს მისი მანქანა, შეგიძლია მიიღო მისი თანხა, შეგიძლია შენი შესთავაზო, ან უარი უთხრა. ყოველდღიური კავშირი გვაქვს მაინც აშშ-სთან.
აუცილებლად მინდა ხაზი გავუსვა იმასაც, რომ საკმაოდ ხშირია სოციალურ ქსელებში რეკლამები, სადაც იმდენად დაბალ ფასს წერენ, რომ შეუძლებელია ამ ფასად გაყიდვა, ესენი თაღლითები არიან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ არასდროს ჩამოიყვანენ შენს დაკვეთილ მანქანას, იმიტომ რომ ღირებულებაზე ნაკლები უდევთ ფასი. ისინი საქართველოდანაც არ ტვირთავენ ვიდეოებს, არამედ საზღვარგარეთიდან და შესაბამისად ვერ დაიჭერენ. ხსნიან ბანკის ანგარიშებს, მერე ფულს იღებენ და ქრებიან. ყველას ვურჩევ, რომ არ არ წამოეგონ ასეთ ანკესებს, ხელშეკრულების დადება ამ დროს არაფერს ნიშნავს, თუ გაქრა ადამიანი, ხელშეკრულება ვერ დაგეხმარება”, – ასეთ რეკომენდაციებს გასცემს ავტოდილერი.
გიორგი წურწუმიასთვის შემდეგი ნაბიჯი ცენტრალიზებული სისტემიდან დელეგირებული მართვის სტილზე გადასვლა და აშშ-სა და საქართველოში ბიზნესის ექსპანსიის გაძლიერებაა – არამხოლოდ ზომით, არამედ ახალი სტანდარტების დანერგვით.
