ქართულ ავიაკომპანიებს თვითმფრინავების ლიზინგით შემოყვანა გაუმარტივდებათ

საქართველო კეიპტაუნის კონვენციას უერთდება- პარლამენტში საკითხის რატიფიცირება მოხდა და როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში BMG-ის უთხრეს, ამ ეტაპზე კონვენციასთან შეერთების შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები სრულდება.
კონვენციის რეჟიმი ბაზარზე არსებულ, საქართველოში რეგისტრირებულ ავიაკომპანიებს შეეხება, რომლებსაც გაფორმებული აქვთ ან მომავალში გააფორმებენ საერთაშორისო გარიგებებს სხვა ქვეყანაში რეგისტრირებულ სალიზინგო კომპანიებთან.
Geo sky-ის პრეზიდენტი შალვა კიკნაძე ამბობს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით რისკები, რომელსაც საერთაშორისო კომპანიები საქართველოს ბაზარზე ხედავდნენ მცირდება. მისი თქმით, მაღალი რისკების გათვალისწინებით აქამდე საერთაშორისო კომპანიებთან სალიზინგო შეთანხმებების დროს დამატებით გარანტიები იყო მოთხოვნილი, რაც ბიზნესს ერთი მხრივ პროცესებს დროში უჭიანურებდა, ხოლო მეორე მხრივ ფინანსურ წნეხს უზრდიდა.
“აქამდე პროცესი საკმაოდ რთული იყო, ვინაიდან უცხო ქვეყნის ეგრეთ იჯარით გამცემი კომპანიები ითხოვდნენ მთელ რიგ გარანტიებს ქვეყნისგან, იმ შემთხვევაში თუ ავიაკომპანია ვერ უზრუნველყოფდა თავისი პირობების შესრულებას, ვალდებულებების შესრულებას, რომ შესაძლებელი ყოფილიყო ამ საჰაერო ხომალდების მესაკუთრეებისთვის დროულად და დაუყოვნებლივ საჰაერო ხომალდის უკან დაბრუნება. ამ შემთხვევაში სახელმწიფო საქართველო იყო ყოველთვის გარანტორი, მაგრამ მაინც საერთაშორისო გარანტიებს ითხოვდნენ. ზუსტად ეს არის კეიპტაუნის კონვენცია, დაცულია როგორც ექსპლოატანტის და ავიაკომპანიის უფლებები, ასევე საჰაერო ხომალდის იჯარით გამცემის, ანუ მესაკუთრე კომპანიების უფლებები. იმ შემთხვევაში თუ რომელიმე ქართული ავიაკომპანია ვერ უზრუნველყოფს თავისი ვალდებულების შესრულებას, საჰაერო ხომალდების მესაკუთრეებს დაუყოვნებლივ ექნებათ შესაძლებლობა ამ კონვენციის ფარგლებში წაიყვანონ თავიანთი საჰაერო ხომალდები, მოხსნან საქართველოს რეგისტრაციიდან და დაიბრუნონ თავიანთ საკუთრებაში.
ფაქტობრივად ფაქტი იმისა, რომ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაცემული გარანტია არ იყო ვინმესთვის საკმარისი, არ ყოფილა, უბრალოდ დამატებით ითხოვდნენ, საგარანტიო ვალდებულებებს, ძირითადად ფინანსურს. მაგალითად, თუ სტანდარტულ შემთხვევაში, ორი თვის საგარანტიო თანხას ითხოვდნენ, ჩვენს შემთხვევაში ყოფილა შემთხვევა, როდესაც ოთხი, ხუთი თვის საგარანტიო თანხა მოუთხოვიათ,”- ამბობს Geo sky-ის პრეზიდენტი შალვა კიკნაძე.
კეიპტაუნის კონვენცია 2001 წელს მიიღეს ამ დროისთვის კი 90-მდე სახელმწიფოს აერთიანებს. “საერთაშორისო გარანტიების შესახებ კონვენციასთან“ საქართველოს შეერთების თაობაზე საქართველოს პარლამენტმა დადგენილება ჯერ კიდევ 2007 წელს მიიღო, თუმცა იმისთვის, რომ კეიპტაუნის კონვენციას ქვეყანა შეერთებოდა, პარლამენტის მხრიდან მისი რატიფიცირება იყო საჭირო, რასაც 18 წელი დასჭირდა.