ქართულმა ღვინოებმა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კონკურსზე Shanghai International Wine Challenge (SIWC) — 96 ჯილდო მოიპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ SIWC რიგით მე-19 წელია ტარდება და მიზნად ისახავს საერთაშორისო ბაზრებზე ხარისხიანი ღვინის პოპულარიზაციასა და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას.
უწყების ცნობით, კონკურსი შანხაიში, გასულ კვირას გაიმართა და მასზე 200 ქართული ღვინო იყო წარდგენილი. ღონისძიების ფარგლებში, ხუთდღიანი საკონკურსო დღიდან, ერთი დღე სრულად ქართულ ღვინოს დაეთმო :”გამარჯვებულმა ღვინოებმა შემდეგ ნომინაციებში მოიპოვეს აღიარება: 10 – „პლატინა, 44 – „ოქრო“, 35 – „ვერცხლი“, 2 – „საუკეთესო ტროფი“, 5 – „პოპულარული“”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიებას ორგანიზებას შანხაის ვაიგაოციაოს თავისუფალი სავაჭრო ზონა უწევს, ხოლო შეფასების პროცესში მონაწილეობას 80-მდე ღვინის პროფესიონალი იღებს, რომლებიც კონკურსს ბრმა დეგუსტაციის პრინციპით აფასებენ.
ინფორმაციისთვის, წელს იანვარ-მაისში, საქართველოდან ღვინის ჯამური ექსპორტი, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 30.5%-იან კლებას აჩვენებს. შედეგად, ქვეყანამ 33 010 955 ლიტრი ღვინის გაყიდვით 97 მილიონ 767 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო.
