ქართული სტარტაპ-ეკოსისტემა სწრაფი ტემპებით ვითარდება, რის დასტურად ისიც გამოდგება, რომ ქართული კომპანიები საქართველოს მცირე ბაზარს არ ჯერდებიან და საკუთარ ნოუჰაუს რეგიონის და ხშირ შემთხვევაში, შორეული კონტინენტების ქვეყნებში აზიარებენ.
საერთაშორისო ბაზრებზე განვითარების შემთხვევაში, ქართული სტარტაპები, როგორც წესი, მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანს უყურებენ, მაგრამ ბოლო წლებში განსაკუთრებით პოპულარული მიმართულებად უზბეკეთი და ყაზახეთი იქცა. ამასთან, არც ის სტარტაპები უნდა დაგვავიწყდეს, რომლებიც სერვისებს ინდოეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების უზარმაზარ ბაზრებზე აზიარებენ.
არ შევცდებით თუ ვიტყვით, რომ რამდენიმე ათეულმა ქართულმა სტარტაპმა საქართველოს ფარგლებს გარეთ გაფართოება მოახერხა, მაგრამ მათი რაოდენობა იმ სტარტაპებთან შედარებით, რომლებიც, ამ ეტაპზე, მხოლოდ საქართველოში ოპერირებენ – ძალიან მწირია.
აქვთ თუ არა ქართულ სტარტაპებს კონკურენტული უპირატესობა სხვა ქვეყნის სტარტაპებთან მიმართებით? – ამ კითხვას, TECH INFORM-ში AXEL-ის წევრმა ენჯელ-ინვესტორმა, ნიკოლოზ ქევხიშვილმა უპასუხა და აღნიშნა, რომ საქართველოს მცირე ბაზარი გამოწვევა უფრო არის, ვიდრე შესაძლებლობა, რის გამოც, ქართველ დამფუძნებლებს საერთაშორისო ამბიცია უნდა ჰქონდეთ, რათა საქართველოში და რეგიონის ქვეყნებში არ ჩაიკეტონ.
“რთულია გამოვყოთ ერთი ან რამდენიმე მახასიათებელი, რომელიც კონკრეტულად ქართული სტარტაპ-ეკოსისტემის კონკურენტულ უპირატესობად ჩაითვლება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველო არის გლობალური ეკონომიკის ნაწილი და ამავდროულად, საქართველო არის მცირე ზომის ბაზარი, მისი მოსახლეობიდან გამომდინარე. შესაბამისად, სტარტაპები გამოწვევის წინაშე დგანან და ის ბარიერი უნდა გაარღვიონ, რომელსაც საერთაშორისო ბაზრებზე გასვლა ჰქვია. ამბიცია და შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ, საქართველოში და რეგიონში რომ არ ჩაიკეტონ. აი, ასე შევატრიალებდი ამ კითხვას და ვიტყოდი, რომ ეს გამოწვევა უფრო არის, ვიდრე კონკურენტული უპირატესობა”, – განაცხადა ნიკოლოზ ქევხიშვილმა TECH INFORM-ში.
ქართველი ენჯელ-ინვესტორის შეფასებით, საქართველოსნაირ მცირე ბაზარზე ოპერირებას სტარტაპებისთვის, შესაძლოა, დადებითიც იყოს, რადგან, როგორც ის ამბობს, განვითარების ადრეულ ეტაპზე მხარდაჭერის მიღება საქართველოში უფრო მარტივია, ვიდრე სხვაგან.
“შეგვიძლია ვთქვათ, რომ განვითარების საწყის ეტაპზე საქართველოში შედარებით მარტივია პროდუქტისა და მომსახურების გატესტვა, რადგან ბარიერები დაბალია, არაფორმალური ურთიერთობებით შეგიძლია ბევრ ადამიანს მისწვდე და აჩვენო შენი პროდუქტი. თუმცა ეს მხოლოდ საწყის ეტაპზე არის ასე, რადგან ყველა ის სტარტაპი, რომელიც საქართველოში დღეს წარმატებულად ითვლება, საერთაშორისო ბაზარს უმიზნებს”, – აღნიშნა ნიკოლოზ ქევხიშვილმა TECH INFORM-ში.