ქართულმა სპეცსამსახურებმა ეს უნდა წაიკითხონ: კრემლის საარჩევნო სპეცოპერაციები – დეზინფორმაცია, “სამხრეებიანი ჟურნალისტები” და ქვეყნებს შორის შუღლის ჩამოგდება

2024 წლის შემოდგომა მრავალი ქვეყნისთვისაა მნიშვნელოვანი, ზოგიერთის მომავალი განვითარებისთვის კი – გადამწყვეტიც. მსოფლიოს ორ ათეულამდე ქვეყანაში დაგეგმილია საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, რომელთა შედეგები განსაზღვრავს მათ მომავალ საგარეო და საშინაო პოლიტიკურ კურსს. მსოფლიო ზესახელმწიფოები, საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ცდილობენ, ღიად და ფარულად, მათთვის სასურველ პოლიტიკურ ძალას დაუჭირონ მხარი. ასე იყო და, ალბათ, მომავალშიც ასე იქნება.

თუმცა ყველას თავისებურად ესმის „მხარდაჭერა“: ზოგიერთი სახელმწიფო ამ დროს დემოკრატიული პრინციპების უზენაესობას ანიჭებს პრიორიტეტს (მათთვის გამარჯვებულია ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ამომრჩეველთა მეტ ხმას მიიღებს), ზოგიერთი ქვეყნის ხელისუფლება კი ყველა საშუალებას იყენებს, რათა მისი ინტერესების გამტარებელი პარტია დარჩეს ან მოვიდეს რომელიმე ქვეყნის სათავეში. არჩევნებამდე ჯერ კიდევ საკმაო დროა და რომ იტყვიან: „ქურდს ქუდი ეწვისო“, – ს ხელისუფლება „დედას იფიცება“, – როდის იყო ჩვენ სხვა ქვეყნების საპრეზიდენტო/ საპარლამენტო არჩევნებში ვერეოდითო. თუმცა ყველამ კარგად ვიცით, რომ მოსკოვს არ დაეჯერება: უკანასკნელი ოცდაათი წლის მანძილზე მსოფლიოში თითქმის არ იყო ქვეყანა, სადაც გამართულ არჩევნებ/რეფერენდუმებში რუსეთი არ ჩარეულიყოს. ეგაა რომ – ხან უმართლებს და ხან -არა.

რუსეთის ხელისუფლებას ნამდვილად აქვს „ობიექტური მიზეზი“, რომ ხელი აფათუროს სხვა ქვეყნების შიდაპოლიტიკურ ცხოვრებაში: ის ხომ საბჭოთა იმპერიის სამართლებრივი მემკვიდრეა! 1918-1991 წლების პერიოდში მსოფლიოში თითქმის არ დარჩენილა ქვეყანა, რომლის საპრეზიდენტო/ საპარლამენტო არჩევნებზე კრემლს ზემოქმედება არ მოენდომებინა. შედეგები ცვალებადი იყო: ზოგიერთ ევროპულ დემოკრატიულ ქვეყანაში (მაგალითად, ფინეთი) „რბილი ძალის“ გამოყენებით მოსკოვი ახერხებდა მისთვის მისაღები პოლიტიკური ძალის (პრეზიდენტ ურჰო კეკონენის) ხელისუფლების სათავეში თითქმის სამი ათეული წელი შენარჩუნებას, ზოგ ქვეყანაში (იტალია, საფრანგეთი და სხვ.) კი – „გავლენის აგენტების“ პარლამენტსა და მთავრობაში გაყვანის მეტს ვერ „ქაჩავდა“.

ამ მხრივ გამორჩეული მაინც ინდოეთი იყო, სადაც საბჭოთა სპეცსამსახურებს დიდი არჩევანი ჰქონდათ „აგენტ-ინფორმატორების“, „გავლენის აგენტების“ თუ, უბრალოდ, ”სანდო პირების“ მრავალრიცხოვან “არმიას” შორის. მათგან მოსკოვს, პირველ რიგში, “გავლენის აგენტები” აინტერესებდა, რადგანაც სწორედ მათ ხელში იყო ან მოკლე პერიოდში აღმოჩნდებოდა ინდოეთის (ეს „ფორმულა“ ანალოგიურად მუშაობს ნებისმიერი სხვა ქვეყნისთვისაც) პოლიტიკური სისტემის მართვის სადავეები. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: 1960-1980 წლების ინდოეთი არის იმის ქრესთომატიული მაგალითი, თუ როგორ მუშაობდნენ საბჭოთა სპეცსამსახურები განვითარებად ქვეყნებში. ამ მეთოდს „მასობრივი შეღწევის სტრატეგიაც“ შეიძლება ვუწოდოთ, რაც გულისხმობს აგენტურის გადაბირებას, როგორც სახელისუფლებო, ასევე ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებში, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და მასმედიაში.

„მიტროხინის არქივიდან“ დასტურდება, რომ ინდოეთში, 1967 წლის საპარლამენტო არჩევნების კამპანიის დროს, “კა-გე-ბე” აფინანსებდა, როგორც კომუნისტურ პარტიას და სხვა მემარცხენე ძალებს, ასევე – პრემიერ-მინისტრ ინდირა განდის „მშობლიურ“ – „ინდოეთის ეროვნულ კონგრესს“. გარდა ამისა, საბჭოთა სპეცსამსახურები ცალკე აფინანსებდნენ რამდენიმე აგენტისა და „კონფიდენციალური კონტაქტის“ წინასაარჩევნო კამპანიასაც. ასეთი, ძალზე მნიშვნელოვანი „გავლენის აგენტი“ ყოფილა ერთ-ერთი მინისტრი (ოპერატიული მეტსახელი ABAD), რის შესახებ ინდირა განდიმაც არ იცოდა.

ინდოეთში კა-გე-ბეს ოპერატიულ-აგენტურული მუშაობა მხოლოდ „თავისიანების“ დახმარებით არ შემოიფარგლებოდა. დიდი ყურადღება ექცეოდა ინდირა განდის პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციასაც. 1967 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ “კა-გე-ბეს” ნიუ-დელის რეზიდენტურის პოლიტიკური დაზვერვის მიმართულების უფროსის, იური მოდინის ორგანიზებით ჩატარდა „ინდოეთის ეროვნულ კონგრესში“ ინდირა განდის ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგის, სადოშივ კანოჯი პატილის (1898–1981) კომპრომეტირების რამდენიმეეტაპიანი სპეცოპერაცია.

ვრცლად