ჩვენ არ ვიცით, რით დაიმსახურეს ეს ჯილდო ინდოელმა, მექსიკელმა და ტოგოელმა ჟურნალისტებმა, მაგრამ სამაგიეროდ კარგად ვიცით, რომ საქართველოდან ისეთი ნომინანტი შეარჩიეს, რომელიც ცნობილია არა „მთავრობის მხრიდან დარბევების, გატაცებების, დევნისა და მათი საქმის კრიმინალიზების ფონზე ახალი ამბების გაშუქებით“, არამედ სწორედ მთავრობის მხრიდან დარბევების, გატაცებების, დევნის ხელშეწყობით და „გაპრავებით“ – ასე ეხმიანება არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე ნიკა გვარამიასთვის პრესის თავისუფლების ჯილდოს მინიჭებას. მისი თქმით, ქართულმა საზოგადოებამ გაიგო, თურმე როგორ ხდება საერთაშორისო ჯილდოების გადაცემა, ანუ როგორ მუშაობენ ლობისტები. „ვაი ჩვენს პატრონს! ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა ნიუ-იორკში ნიკა გვარამიას პრესის თავისუფლების ჯილდო მიანიჭა. მასთან ერთად ამ პრიზით დაჯილდოვდნენ ინდოელი, მექსიკელი და ტოგოელი ჟურნალისტები. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ეს ჯილდო გვარამიას მიუღია „მთავრობების მხრიდან დარბევების, გატაცებების, დევნისა და მათი საქმის კრიმინალიზების ფონზე ახალი ამბების გაშუქებისთვის… ის დაუღალავად მუშაობს, რათა გამოავლინოს კორუფცია, ძალადობა და არასწორი ქმედებები“. თურმე ამისთვის ის საქართველოს ხელისუფლებას დაუპატიმრებია და პატიმრობის 1 წლის შემდეგ პრეზიდენტს რომ არ შეეწყალებინა, მისჯილი 3,5 წლის მოხდა მოუწევდა. და რაც მთავარია: „გვარამიამ უარყო ბრალდებები, რომლებიც ფართოდ დაგმეს, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული“. ჩვენ არ ვიცით, რით დაიმსახურეს ეს ჯილდო ინდოელმა, მექსიკელმა და ტოგოელმა ჟურნალისტებმა, მაგრამ სამაგიეროდ კარგად ვიცით, რომ საქართველოდან ისეთი ნომინანტი შეარჩიეს, რომელიც ცნობილია არა „მთავრობის მხრიდან დარბევების, გატაცებების, დევნისა და მათი საქმის კრიმინალიზების ფონზე ახალი ამბების გაშუქებით“, არამედ სწორედ მთავრობის მხრიდან დარბევების, გატაცებების, დევნის ხელშეწყობით და „გაპრავებით“. ამ ფაქტიდან გამომდინარე, ქართულმა საზოგადოებამ გაიგო, თურმე როგორ ხდება საერთაშორისო ჯილდოების გადაცემა, ანუ როგორ მუშაობენ ლობისტები. მართალია, ჩვენ უკვე აღარაფერი გვიკვირს მას შემდეგ, რაც სააკაშვილს რამდენიმე თვის წინ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში (?!) რაღაც საერთაშორისო ჯილდო გადასცეს, მაგრამ გვარამიას მაგალითმა კიდევ უფრო განგვიმტკიცა რწმენა, რომ მსოფლიოში პოლიტიკური ინტერესები და პოლიტიკური მიზანშეწონილობის საკითხები მართავენ ყველაფერს – კულტურას, სპორტს, ჰუმანიტარულ პრობლემებს, უფლებადაცვით თუ ჟურნალისტურ საქმიანობას. ამ ინტერესებმა შეიძლება სასტიკი დიქტატორი ან თავზეხელაღებული მკვლელი უდიდეს დემოკრატად და ჰუმანისტად წარმოაჩინოს, ხოლო რომელიმე უკეთილშობილეს, წმინდა ადამიანი – ბოროტების სიმბოლოდ. როგორც ჩვენი კლასიკოსი მწერალი იტყოდა, „უკუღმა, ასინეთა, უკუღმა!“ ჩვენი „გაპატრიოტებული“ ნეოლიბერალები ხშირად დასცინიან უფროსი თაობის იმ ადამიანებს, რომლებიც ცუდთან ერთად ზოგჯერ კარგ ფაქტებსაც იხსენებენ საბჭოთა პერიოდიდან, მათ „საბჭოთა ადამიანებს“ და „პრორუსებს“ ეძახიან და ამით თავის „პრადვინუტობას“ უსვამენ ხაზს. არადა, აშკარაა, რომ რუსიც კი ვერ გაბედავდა, რომ ქართველისთვის ეკადრებინა ის, რაც ჩვენმა „დაუძინებელმა მეგობრებმა“ გვარამიას თუ სააკაშვილის დაჯილდოებით აკადრეს. ამათთვის გაუგებარია ის ფაქტი, რომ რუსეთში ჩასული ქართველი ყოველთვის ღირსეულად გრძნობდა თავს და არა იქაურებისთვის უკანალის მბანველად, მათ კი არ ემსახურებოდა, აქეთ იმსახურებდა. ის რომ დღეს შენს ნაპროკურორალ ჯალათს ღირსებით აჯილდოვებენ, ვინმეს ოკუპაციაზე ნაკლები ჰგონია? რუსები 20% გვართმევენ და ესენი 100%-ით გვამცირებენ, სულში გვაფურთხებენ და ურცხვად გვეუბნებიან, პარტნიორები ვართო. ვისი პარტნიორები არიან? მხოლოდ თავისნაირი მდაბიოების და კრიმინალების, რომლებსაც ღირსების ნატამალი არ გააჩნიათ და გაცილებით უფრო მონურად შესციცინებენ თვალებში „ყოვლისმცოდნედ და ყოვლისშემძლედ“ მიჩნეულ პატრონებს, ვიდრე ამას ქართველი კომუნისტები მოსკოვის ცკ-ს მიმართ აკეთებდნენ. ჩვენ თუ იმ დონეზე ვართ დემოკრატიის თვალსაზრისით, რომ პაპუასების დონესთან გვათანაბრებენ, რომლებსაც სისხლის სამართლის დამნაშავეები ხელოვნურად უნდა დაუსვან ავტორიტეტებად და მისაბაძებად, ხოლო ჩვენ ამაზე ხმაც არ უნდა ამოვიღოთ, მაშინ მართლა, ვაი ჩვენს პატრონს“ – წერს ნანა კაკაბაძე Facebook-ზე.