„ქართულმა ოცნებამ” წინასაარჩევნოდ კონტრაქტი გააფორმა მოშე კლუგჰაფტთან

საქართველოს მმართველი პარტია აცხადებს, რომ კონტრაქტი გააფორმა მოშე კლუგჰაფტსა და მირი მიქაელთან, რომლებიც საარჩევნო პერიოდში პარტიის სტრატეგიული მრჩევლები გახდნენ.
„ქართული ოცნების” განცხადებას, რომელიც „პირველმა არხმა” გამოაქვეყნა, ერთვის მოშე კლუგჰაფტის კომენტარი: „მოხარული ვარ, რომ დავბრუნდი საქართველოში და ვხედავ მის მნიშვნელოვან განვითარებას როგორც ეკონომიკაში, ასევე ევროკავშირისადმი მიდგომაში და განსაკუთრებით მის უნარში, შეინარჩუნოს მშვიდობა იმ დღეებში, როდესაც მსოფლიო ომის პირობებშია. მაგრამ საკმარისი არ არის, რომ უბრალოდ ბევრი აკეთო – ასევე აუცილებელია იმის უზრუნველყოფა, რომ საზოგადოებამ იცოდეს ამის შესახებ და ჩვენ ამაში დავეხმარებით მომავალ წელს“.
„ქართული ოცნების” განცხადებაში ასევე მითითებულია პარტიის სტრატეგიულ მრჩევლების ბიოგრაფიები.
„კლუგჰაფტი და მიქაელი ACT NEWS-ის დამფუძნებლები არიან. მოშე კლუგჰაფტი არის საერთაშორისო სტრატეგიული მრჩეველი და კამპანიის მენეჯერი პოლიტიკური ლიდერებისა და პოლიტიკური პარტიებისთვის მთელ მსოფლიოში. ის მუშაობდა პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუსთან და პრემიერ-მინისტრ ბენეტთან ისრაელში, ასევე ავსტრიის კანცლერთან, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან, ს პრემიერ-მინისტრთან და სხვებთან”, – აღნიშნავს „ქართული ოცნება”.
ვრცელდებოდა ცნობები, რომ მოშე კლუგჰაფტი თბილისში იმყოფებოდა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ.
2018 წელს კლუგჰაფტი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მართავდა ს კამპანიას.
2018 წლის ნოემბერში სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ს განცხადებას კლუგჰაფტის შესახებ და თქვა, რომ ის „ანტისემიტურ გამოთქმებში ჯდება”. მიხეილ სააკაშვილმა კლუგჰაფტი „ვიღაც ებრაელ აფერისტ მოშედ” მოიხსენია.
2021 წლის მუნიციპალური არჩევნების წინ სარეკლამო ბილბორდებზე გამოჩნდა „სისხლიანი ბანერები”. მასზე ნეგატიურ კონტექსტში, სისხლის მსგავსი შეფერილობით გამოსახული იყვნენ ოპოზიციონერი ლიდერები. თბილისის მერმა მასთან კავშირი უარყო. „ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეს არის „მადლიერი“ ხალხის საჩუქარი იმ ოპოზიციას, რომელიც 9 წლის განმავლობაში უსასტიკესი მეთოდებით გამოირჩეოდა”.
მოშე კლუგჰაფტს ოპოზიცია უკავშირებს „ქართული ოცნების” აგრესიულ და სიძულვილზე დაფუძნებულ საარჩევნო კამპანიებს.
2023 წლის 13 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, ჟურნალისტებმა ჰკითხეს „სისხლიან ბანერებთან“ მოშე კლუგაფტის კავშირზე.
მან უარყო პარტიის სტრატეგიული მრჩევლის კავშირი „სისხლიან ბანერებთან“.
„სხვადასხვა ქვეყნებში წარმატებული კამპანიების კონსულტაციას ახდენდა ეს [ACT NEWS-ი] კომპანია. ასე რომ, ყველაფერი დანარჩენი, „სისხლიანი ბანერები“ და ა.შ. არის სპეკულაცია”, – თქვა პაპუაშვილმა.
როგორც პარლამენტის სპიკერმა აღნიშნა, ოპოზიცია თავად ახდენს საკუთარი თავის დემონიზებას.
„რა დემონიზება სჭირდება რადიკალურ ოპოზიციას, ოპოზიციას, რომელსაც მართავენ ოლიგარქები, ოპოზიცია, რომელიც დაფუძნებულია ძალადობასა და ეროვნული ინტერესების ღალატზე, მეტი რა დემონიზება სჭირდება, რასაც თვითონ უკეთებენ საკუთარ თავს. თვითდემონიზების პროცესში არიან. არც „პიარტექნოლოგი“, არც ჩვენგან რაიმე წახმარება არ სჭირდება მათ. არანაირი კავშირი არ აქვს „ქართულ ოცნებას“ [„სისხლიან“] ბანერებთან”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
„სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას” საპარლამენტო არჩევნებზე მოშე კლუგჰაფტის დახმარება ვერ უშველის.
„ქართულ ოცნებას“ ვერც მოშე [მოშე კლუგჰაფტი] უშველის და ვერც ვერავინ, ვინც არ უნდა ჩამოიყვანონ, რომელი ქვეყნიდანაც არ უნდა ჩამოიყვანონ. პრორუსული ძალა საქართველოში ვერ გაიმარჯვებს არჩევნებში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ხალხთან ერთად მათ აუცილებლად დავამარცხებთ, დანარჩენს უკვე დრო გვიჩვენებს.
ბევრი კონსულტანტი ჩამოიყვანეს, იმიტომ რომ ძალიან ეშინიათ და მძიმე ვითარება აქვთ. ერთხელ უკვე ხალხმა მათი ტყუილები ნახა, მათ შორის მოშესთან ერთად შემუშავებული და დარწმუნებული ვარ, ეს ტყუილები ვეღარაფერში ვეღარ წაადგებათ”, – თქვა ვაშაძემ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები კი განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.

ასევე დაგაინტერესებთ