„ქართულმა ოცნებამ“ საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვალა დასავლეთიდან რუსეთისკენ — ქართველი დიპლომატები

60-მდე ქართველი დიპლომატი „ქართული ოცნების“ მიერ რუსული კანონის მიღების მცდელობას ქვეყნის საგარეო პოლიტიკის კურსის ცვლილებად აფასებს. მათი შეფასებით, მმართველმა პარტიამ შეგნებულად გადაუხვია ქვეყნის ევროინტეგრაციის გზას.
საერთო განცხადებაში, რომელიც დღეს, 29 აპრილს გაავრცელეს, ისინი აღნიშნავენ, რომ ამ პროცესის შეჩერების ერთადერთი გზა პროტესტი და „უსამართლო კანონებზე თუ გადაწყვეტილებებზე რეაგირებაა“.
დიპლომატები, რომლებიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს ელჩებად და დესპანებად მუშაობდნენ, იყვნენ მრჩევლები და მინისტრებიც კი, აცხადებენ, რომ წლები დაუთმეს „ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის და სახელმწიფოებრივი ინტერესების განმტკიცებას”. ახლა ისინი შეახსენებენ მათ კოლეგებს – საჯარო თუ დიპლომატიური სამსახურებში ამჟამად მომუშავე ადამიანებს, რომ “ქვეყნის ისტორიაში დგება მომენტები, როდესაც სიჩუმე უდრის თანამონაწილეობას, ხოლო ქვეყნის კონსტიტუციის და ევროპული გზის დაცვა პასუხისმგებლობას და ვალდებულებასაც კი წარმოადგენს“.
დიპლომატების შეფასებით, საქართველოს ისტორიაში არასდროს ყოფილა ასეთი ნათელი და მორალურად ცხადი, თუ რა არის სწორი გზა.
„ამერიკელი სენატორების წერილი, ევროპარლამენტის რეზოლუცია, ევროპული ქვეყნების პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების წერილი, ევროკომისრის, ნატოს გენერალური მდივნის, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის და საქართველოს ბევრი სხვა მეგობრის განცხადება ნათლად აჩვენებს, რომ ჩვენი მეგობრები წუხან საქართველოს ხელისუფლების მიერ საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებაზე. ჩვენთვის, ამ ქვეყნის სხვადასხვა თაობის დიპლომატებისთვის, რომლებმაც მრავალი წელი დავუთმეთ ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის და სახელმწიფოებრივი ინტერესების განმტკიცებას, სრულიად ნათელია, რომ ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” მოახდინა საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილება დასავლეთიდან სკენ. ამ ცვლილების შესაჩერებლად, ერთადერთი გზა არის ყველა პატრიოტი ადამიანის მხრიდან ხმის ამოღება, პროტესტის დაფიქსირება და უსამართლო კანონებზე თუ გადაწყვეტილებებზე რეაგირება,“ — ვკითხულობთ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ