“ქართულმა ოცნებამ” პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მიიღო

სადავო პარლამენტში დღეს, 13 მაისს, კენჭი უყარეს და მესამე მოსმენით, 80 ხმით არცერთი წინააღმდეგ, დაამტკიცეს პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი.
შედეგად ცვლილებები შედის „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ და „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონებში.
მიღებული ცვლილებების მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლება აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი, საქმიანობის არსი და პერსონალური შემადგენლობა სასამართლოს მიერ უკვე აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზანს, საქმიანობის არსსა და პერსონალურ შემადგენლობას იმეორებს.
ამასთან, პარლამენტში თავდაპირველად ინიციირებული პროექტით, პარტიის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებულ სარჩელზე გადაწყვეტილების გამოტანის ვადა სარჩელის შეტანიდან 9 თვეს არ უნდა გადასცდენოდა, საარჩევნო პერიოდში კი – 14 დღეს.
განხილვის პროცესში ვადასთან დაკავშირებით ცვლილებები შევიდა და კანონის პროექტის საბოლოო რედაქციით, როგორც საარჩევნო, ასევე არასაარჩევნო პერიოდში საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას 14 დღის ვადაში მიიღებს.
ეს ნიშნავს, რომ თუკი ახალ პარტიას იგივე ადამიანები აკომპლექტებენ, რომლებიც აწ უკვე აკრძალულ პარტიაში იყვნენ, პარტიის აკრძალვა 14 დღეში იქნება შესაძლებელი.
ცვლილებებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია აკრძალოს პარტია, „რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, ქმნის ან შექმნილი აქვს შეიარაღებული ფორმირება“.
“ქართული ოცნების” მიერ განხორციელებული ამ ცვლილებების ფონია პარტიის სურვილი, აკრძალოს ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც „კოლექტიურ ნაც. მოძრაობას“ უწოდებს.
“ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვა და პარტიისთვის „მკაცრი პოლიტიკური და სამართლებრივი განაჩენის“ გამოტანა იყო „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირება, რისთვისაც პარტიას პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით შესვლა ჰქონდა განზრახული.