„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში მხარი დაუჭირა მსუბუქ ავტომბილებზე დაწესებული აქციზის საფასურის გაზრდას. ცვლილებები, რომელსაც დაჩქარებული წესით განიხილავენ, პირველი მოსმენით 74 ხმით 10-ის წინააღმდეგ მიიღეს.
კანონის თანახმად, აქციზის განაკვეთი 0-დან 6 წლის ჩათვლით ასაკის ავტომობილებისთვის ძრავის მოცულობის 1 კუბურ სანტიმეტრზე – 1.5 ლარის ოდენობით განისაზღვრება, ხოლო 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის – 4.5 ლარის ოდენობით.
ამასთან, თუ ავტომობილის ტრანსპორტირება ხორციელდება სახმელეთო ტრანსპორტით ან იგი გადაადგილდება თავისი სვლით, დგინდება დამატებითი პირობა, რომლის მიხედვით, კანონის ამოქმედებამდე მოქმედი განაკვეთები გავრცელდება ავტომობილის საქართველოს ტერიტორიაზე 2026 წლის 1 ივლისამდე შემოყვანის შემთხვევაში.
საკანონმდებლო ცვლილებების მეორე და მესამე მოსმენით განხილვა პარლამენტში 1 აპრილს არის დაგეგმილი, რის შემდეგაც, კანონი 2 აპრილიდან ძალაში შევა.




